უკანასკნელი რამდენიმე დღე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისთვის საკმაოდ რთული გამოდგა. Tesla-ს აქციების ღირებულების ვარდნა, ქონების შემცირება, X-ის გათიშვა და ელექტრომობილების მწარმოებლის სადილეროებზე თავდასხმა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გამოწვევების, რომლებთან გამკლავებაც ილონ მასკს ბოლო პერიოდში მოუხდა.
ორშაბათის, 10 მარტის მდგომარეობით, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის Tesla-ს აქციების ღირებულება 15%-ით, $222-მდე დაეცა. შედეგად, მასკი $23 მილიარდით დაზარალდა. საერთო ჯამში, დეკემბრის პიკის ($464 მილიარდი) შემდეგ, მასკის ქონება $145 მილიარდითაა შემცირებული. ორშაბათს, Tesla-ს შედეგების გამოქვეყნებამდე კი, სოციალური ქსელი X, ათიათასობით მომხმარებლისთვის გაითიშა. მასკმა პლატფორმის გათიშვის მიზეზად კიბერთავდასხმა დაასახელა და ისიც განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში, „უკრაინის რეგიონიდან წარმოშობილ IP-მისამართებს მიაკვლიეს“.
10 მარტს, დაახლოებით დილის 8:54 საათზე, X-ის მომხმარებლების მხრიდან DownDetector-ზე პლატფორმის გათიშვასთან დაკავშირებით პირველი შეტყობინებები შევიდა. მომხმარებლების ნაწილი, გლობალურად, სოციალური ქსელის აპლიკაციასა და ვებგვერდზე შესვლას ვერ ახერხებდა. მოგვიანებით კომენტარი ილონ მასკმა გაავრცელა და განაცხადა, რომ პლატფორმაზე კიბერშეტევა განხორციელდა, თავდასხმაში კი, „კოორდინირებული ჯგუფი ან/და ქვეყანა მონაწილეობდა“.
იმავე დღეს, დილის 9:42 საათზე, მასკმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც ვეტერანსა და გადამდგარ ასტრონავტ მარკ კელის „მოღალატე“ უწოდა. მასკმა განცხადება კელის უკრაინაში ვიზიტისა და ომში მყოფი ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ გააკეთა. მილიარდერის კომენტარს დემოკრატების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის იყვნენ კელის მეუღლე გაბი გიფორდი და რესპუბლიკელი დონ ბეკონი, რომელმაც მასკის განცხადებას „არასწორი“ უწოდა და დასძინა, რომ ეს თეთრი სახლის რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა. საინტერესოა, რომ მასკის მიერ კელისთვის „მოღალატის“ წოდებას სოციალურ ქსელში მხოლოდ 15,000 მოწონება ჰქონდა, კელის პასუხს კი – 230,000.
10 მარტს, დაახლოებით 15:45 საათზე, მემარცხენე სადამკვირვებლო ორგანიზაცია Media Matters-მა, რომელიც დიდი ხანია, მასკის სამიზნეთა შორისაა, X-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა. სასამართლოში წარდგენილი სარჩელი მილიარდერის პლატფორმას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.
10 მარტს, შუადღისას, Tesla-ს შედეგები გამოქვეყნდა. უახლესი ანგარიშით, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციებმა ნოემბრის არჩევნების შემდეგ მიღებული მოგების 91% დაკარგა. FactSet-ის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, ორშაბათს, კომპანიამ ყველაზე დიდი პროცენტული ვარდნა დააფიქსირა, ხოლო კომპანიის საჯარო დალისტვიდან თითქმის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში, Tesla-ს რიგით მე-7 ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა.
იმავე საღამოს მასკი Fox Business-ზე ინტერვიუსას Tesla-ს აქციების 15-წლიანი ისტორიის მეშვიდე ყველაზე ცუდ დღესაც შეეხო და აღნიშნა, რომ „გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი კარგად იქნება”. მასკმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში მის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცდილობს, დეპარტამენტისა და მისი კომპანიების მუშაობაში თანაბრად იყოს ჩართული.
10 მარტს, 22:13 საათზე, ფედერალურმა მოსამართლემ DOGE-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ დეპარტამენტი „უპრეცედენტო ძალაუფლებით” სარგებლობდა. მოსამართლემ მასკის დეპარტამენტს მეტად გამჭვირვალე მუშაობისკენ მოუწოდა. განაჩენს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მასკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერში მას ადანაშაულებენ, მათ შორის რეცესიაშიც.
თუმცა, ამ ყოველივედან მეორე დღეს, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასკის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. ტრამპმა მილიარდერ ბიზნესმენს Truth Social-ის საშუალებით მიმართა და ხუმრობით აღნიშნა, რომ ის მზადაა Tesla შეიძინოს, „როგორც გამოხატულება მისი ნდობისა და მხარდაჭერის ილონ მასკისადმი, ნამდვილად შესანიშნავი ადამიანისადმი“.