მთელი მსოფლიოს მასშტაბით 101 მილიონზე მეტი დოზა კოვიდ-ვაქცინის ადმინისტრირება განხორციელდა 64 ქვეყანაში. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი და Bloomberg-ი ავრცელებენ. მათ შორის აშშ-ი ლიდერია რაოდენობის თვალსაზრისით, ამ ქვეყანაში 1 თებერვლის მონაცემებით, 32.2 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე გამოიყენეს. მას მოჰყვება ჩინეთი – 24 მილიონით, დიდი ბრიტანეთი – 9.79 მილიონით, ისრაელი – 4.99 მილიონით და ინდოეთი – 3.95 მილიონით.
ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დონით კი ისრაელი გამოირჩევა, სადაც ყოველ 100 ადამიანზე 57.65 დოზა ვაქცინა უკვე გაკეთებულია. ამ რეიტინგში ისრაელს მოჰყვება არაბთა გაერთიანებული საამიროები – 34.79 დოზით, დიდი ბრიტანეთი – 14.42, ბაჰრეინი – 10.16 და აშშ – 9.63 დოზა ვაქცინით.
რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ვაქცინაციის დონე აშშ-ის და დიდ ბრიტანეთსაც მკვეთრად ჩამორჩება. ევროპაში ყოველ 100 ადამიანზე ჯერ მხოლოდ 2.86 დოზა ვაქცინაა გამოყენებული. რეგიონი ვაქცინის წარმოების პრობლემებს და დეფიციტს განიცდის. ევროკავშირში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დონე მალტასა (6.29) და დანიაშია (4.66), მაშინ როდესაც ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და გერმანიაში მხოლოდ დაახლოებით სამი დოზა ვაქცინაა გამოყენებული ყოველ 100 მოსახლეზე. საფრანგეთსა და ბელგიაში კი კიდევ უფრო ნაკლები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვაქცინების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ვაქცინაციის დონე მაინც დაბალია. ამ ქვეყანაში ყოველ 100 მოსახლეზე მხოლოდ 1.67 დოზაა გამოყენებული, სხვა მრავალმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნებსაც იგივე პრობლემა აქვთ, მაგალითად, ბრაზილიაში ყოველ 100 მოქალაქეზე მხოლოდ 1 დოზა ვაქცინაა გამოყენებული, რუსეთში – 0.69, ინდოეთში კი 0.29.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ვაქცინების უმრავლესობა – 80 მლნ დოზა მაღალშემოსავლიან ქვეყნებშია გამოყენებული, ხოლო – 55 მლნ დოზა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.
რამდენიმე წამყვან ქვეყანას კი, ვაქცინების დისტრიბუცია ჯერ კიდევ არ დაუწყია, მათ შორის არის იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი, ავსტრალია. ისინი მიმდინარე თვეში აპირებენ ვაქცინაციის დაწყებას. ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინას Covax-პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. მსგავს ქვეყნებში ვაქცინაცია ამ თვეშია მოსალოდნელი, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ვაქცინას 15 თებერვლის შემდეგ ელოდებიან.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის მსოფლიოში შესყიდული ვაქცინების 60% მაღალშემოსავლიან ქვეყნებზე მოდიოდა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 16%-ი ცხოვრობს. კანადას კი ყველაზე მეტი ვაქცინა აქვს შესყიდული. როგორც დიუკის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი აცხადებს, მათ იმდენი ვაქცინა იყიდეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ხუთზე მეტჯერ ვაქცინაციაა შესაძლებელი.
ცნობისთვის, დღეში მსოფლიოში საშუალოდ 4.25 მლნ დოზა ვაქცინის ადმინისტრირება ხდება.