ტურიზმიდან ყველაზე მეტ შემოსავალს აშშ იღებს, მოგზაურობაზე ყველაზე მეტ თანხას კი ჩინელები ხარჯავენ.
მსოფლიოში ტურიზმის ბაზარი სწრაფად იზრდება და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალებმა გლობალურად ტრილიონ დოლარსაც გადააჭარბა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.
მსოფლიოში ტურიზმიდან ყველაზე მეტ შემოსავალს აშშ იღებს, ქვეყანამ გასულ წელს ტურიზმიდან 210 მლრდ დოლარი მიიღო. მოგზაურობაზე ყველაზე მეტ თანხას კი ჩინელები ხარჯავენ. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს ჩინეთის მოსახლეობამ საერთაშორისო მოგზაურობაზე $257.7 მლრდ დახარჯა, რაც წლიურად 4.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია 135 მილიარდ დოლარიანი დანახარჯით (ზრდა 9.3%), სამეულს კი გერმანია ასრულებს 89.1 მილიარდი დოლარით (ზრდა 9.4%).
ხუთეულში შედიან გაერთიანებული სამეფო – 71.4 მლრდ დოლარით (ზრდა 2.4%) და საფრანგეთი 41.4 ზრდა (0.8%) მილიარდი დოლარით.
კანადის მოსახლეობამ გასულ წელს მოგზაურობაზე 31.8 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც წლიურად 8.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მეშვიდე ადგილს 30.6 მილიარდი დოლარით კორეის რესპუბლიკა იკავებს (ზრდა 12.3%). ათეულს ასრულებენ იტალია ($27.7 მლრდ), ავსტრალია ($34.2 მლრდ) და რუსეთი ($31.1 მლრდ). აღსანიშნავია, რომ რუსების მიერ მოგზაურობაზე დახარჯული თანხა წლიურად 29.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს ქართველებმა მოგზაურობაზე 0.3 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2015 წელთან შედარებით, 17.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის წლის პირველ ნახევარში ქართველებმა საზღვარგარეთ 791 498 000 ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (496 781 000 ლარი) 37.3%-ით აღემატება. აღნიშნულ თანხაში შედის როგორც ბანკომატებით განხორციელებული ოპერაციები, ასევე პოსტ-ტერმინალებითა და ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები.