2022 წელს ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება ბოლო 8 წლის მაქსიმუმს გაუტოლდა და საშუალოდ $100-ს შეადგენდა. კოვიდშეზღუდვებთან დაკავშირებულმა წინა წლის ჩავარდნამ და ენერგობაზრებზე არასტაბილურმა სიტუაციამ საინტერესო სურათი დაგვანახა. მოთხოვნის ზრდამ ნავთობკომპანიებს მოგება გაუორმაგა, ნავთობმწარმოებელ სახელმწიფოებს კი დიდი ეკონომიკური წარმატება მოუტანა. სტატიაში იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომელთაც გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი აწარმოეს.
რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია ენერგოინსტიტუტის მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკურ მიმოხილვაზე, ნავთობმწარმოებელი ქვეყნების მიერ 2022 წელს მოპოვებული ნავთობის სტატისტიკას გვთავაზობს.
2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს აშშ აწარმოებდა. მოგეხსენებათ, ეს სტატუსი აშშ-ს 2018 წლიდან უკავია და შარშან დღიური წარმოების მაჩვენებელმა დაახლოებით 18 მილიონი ბარელი შეადგინა. ეს კი მსოფლიო მიწოდების დაახლოებით 20%-ს შეადგენდა. საინტერესოა, რომ ქვეყანაში წარმოებული ნავთობის ¾ მხოლოდ 5 შტატზე, ტეხასზე, ნიუ-მეხიკოზე, ჩრდილოეთ დაკოტაზე, ალიასკასა და კოლორადოზე მოდის. 2022 წელს აშშ-ში წარმოებული ნავთობის მოცულობამ წინა წელთან შედარებით 6.5%-იანი ზრდა განიცადა.
რეიტინგში მეორე ადგილზე ახლო აღმოსავლეთის უდიდესი და უმდიდრესი სახელმწიფო – საუდის არაბეთი იმყოფება. საუდის არაბეთმა 2022 წელს დღიურად 12 მილიონი ბარელი აწარმოვა, რაც გლობალური მიწოდების 13%-ია. მესამე პოზიციაზე დღიურად წარმოებული 11 მილიონი ბარელით რუსეთი იმყოფება. რუსეთი გლობალური მიწოდების 12%-ის წარმოებაზეა პასუხისმგებელი.
მეოთხე პოზიციას ჩრდილოეთ ამერიკის კიდევ ერთი სახელმწიფო – კანადა იკავებს, სადაც გასულ წელს დღეში 5.5 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდნენ. მეხუთე პოზიციას კი კიდევ ერთი ახლოაღმოსავლური სახელმწიფო – ერაყი იკავებს. საინტერესოა, რომ ერაყის ნავთობწარმოების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა.
ჩინეთი რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა. 2022 წელს ქვეყანაში დღიურად 4 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდნენ, რაც გლობალური მიწოდების 4.4%-ია. მე-7 პოზიციას კი ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის კიდევ ერთი უმდიდრესი სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს. ყოველდღიურად წარმოებული 3.8 მილიონი ბარელი ნავთობით, მე-8 ადგილზე იმყოფება ირანი. მე-9 პოზიციას კი ათეულში მყოფი ერთადერთი ლათინური ამერიკის სახელმწიფო – ბრაზილია იკავებს. ათეულს ხურავს სპარსეთის ყურის კიდევ ერთი სახელმწიფო, ქუვეითი, სადაც 2021 წელთან შედარებით ნავთობის წარმოება გასულ წელს 12%-ით გაიზარდა.
რეიტინგი | ქვეყანა | 2022 (ათასი ბარელი/დღეში | წლიური ცვლილება | გლობალური მიწოდების წილი |
1 | აშშ | 17,770 | +6.5% | 18.9% |
2 | საუდის არაბეთი | 12,136 | +10.8% | 12.9% |
3 | რუსეთი | 11,202 | +1.8% | 11.9% |
4 | კანადა | 5,576 | +3.0% | 5.9% |
5 | ერაყი | 4,520 | +10.2% | 4.8% |
6 | ჩინეთი | 4,111 | +2.9% | 4.4% |
7 | UAE | 4,020 | +10.4% | 4.3% |
8 | ირანი | 3,822 | +4.6% | 4.1% |
9 | ბრაზილია | 3,107 | +3.9% | 3.3% |
10 | ქუვეითი | 3,028 | +12.0% | 3.2% |
რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი გასულ წელს ახლო აღმოსავლეთში აწარმოეს. აქ ჯამური წარმოება დღეში 30 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც გლობალური მიწოდების 32.8%-ია. რეგიონების რეიტინგში მეორე პოზიციას ჩრდილოეთი ამერიკა (27%), მესამე ადგილს კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, დსთ-ის წევრი სახელმწიფოები იკავებენ (14.9%). საინტერესოა, რომ ევროპაში გლობალური მიწოდების მხოლოდ 3% იწარმოება, რაც მთელი რიგი რეგულაციების შედეგია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპაში ნავთობის წარმოება დაახლოებით 50%-ით შემცირდა.