ქვეშეთი–კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს, რომელსაც WB-მ საქმიანობა შეუზღუდა

ქვეშეთი–კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს, რომელსაც WB-მ  საქმიანობა შეუზღუდა

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დღეს ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს. 13 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” -ის საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა იანგ იუბინმა.
მსოფლიო ბანკმა “ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კონსორციუმს” (CRCC) და მის შვილობილ კომპანიას “ჩინეთის რკინიგზის 23–ე ბიუროს ჯგუფს” (CR23) საქმიანობა  გასულ თვეს შეუზღუდა. კერძოდ, მსოფლიო ბანკი მაშინ აღნიშნავდა, რომ სამუშაო პროცესში არსებული გადაცდომების გამო, კომპანიას მუშაობა 9 თვით ეზღუდებოდა. 

“პროექტის წინასატენდერო პერიოდში აღნიშნულმა კომპანიებმა წარადგინეს არასწორი და მცდარი ინფორმაცია საკუთარი პერსონალის, მათი გამოცდილებისა და აღჭურვილობის შესახებ”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
მსოფლიო ბანკი აღნიშნულ ქმედებას “თაღლითურ პრაქტიკად” აფასებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მაშინ ამბობდა, რომ კომპანიას 9 თვით აეკრძალა მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობა, თუმცა არსებული სამუშაოები კომპანიას უნდა გაეგრძელებინა.
მინისტრის თქმით, შესაძლო გადაცდომები საგზაო დეპარტამენტმა დაადგინა და აცნობა მსოფლიო ბანკს, როგორც პროექტის დამფინანსებელს.
„თუ რამე დარღვევას აღმოაჩენს სამინისტრო, ვალდებულები ვართ, შევატყობინოთ  დამფინანსებელს, რასაც ვაკეთებთ კიდევაც ასეთი შესაძლო დარღვევების თაობაზე. შემდგომ უკვე უშუალოდ დონორის, ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის შიდა კომიტეტმა განიხილა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რის საფუძველზეც 9 თვის განმავლობაში შეუზღუდა ამ კომპანიას არა სამუშაოების შესრულება, არამედ ახალ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ეს შეზღუდვა შეეხება 9-თვიან პერიოდს ამ კომპანიისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ტენდერებს. ეს კომპანია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 9 თვის განმავლობაში იმ ახალ ტენდერებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი გამოაცხადებს“, – ამბობდა მინისტრი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში 2015 წელს დაიწყო. მისი ერთ-ერთი მსხვილი დონორი მსოფლიო ბანკია.         

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” საქართველოში სხვა პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის მთავარი სარკინიგზო ხაზის – თბილისი-ბათუმის რკინიგზის – მოდერნიზების პროექტს.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *