რა არის კაპიტალის ბაზარი?

რა არის კაპიტალის ბაზარი?

კაპიტალის ბაზარი (ინგლისურად capital market) არის ბაზრის ერთ-ერთი ფორმა, სადაც დაფინანსების მოპოვების მსურველები და ფულადი სახსრების დაბანდების მსურველები ერთმანეთს უკავშირდებიან. ორივე მხარეს, დაფინანსების მიღების და დაბანდების მსურველებს, სარგებლის ნახვა ამოძრავებთ. დაფინანსების მიმღებები ძირითადად არიან ბიზნესები, მთავრობები და ინდივიდუალური პირები, ხოლო ფინანსების მიმწოდებლები – ბანკები, ინვესტორები და ფონდები.

კაპიტალის ბაზრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საფონდო ბირჟა, სადაც ადგილი აქვს, როგორც ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას და გაყიდვას, ასევე უკვე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას ინვესტორებს შორის.

კაპიტალის ბაზარი ეხმარება მხარეებს ეფექტიანად ივაჭრონ. მისი მიზანია, ფასიანი ქაღალდებით უსაფრთხო და მოწესრიგებული, თამაშის წესებზე დაფუძნებული ვაჭრობა უზრუნველყოს.

განვითარებული კაპიტალის ბაზარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, რადგან ერთი მხრივ ახალისებს ფულის დაზოგვას და მეორე მხრივ, დანაზოგის სარფიანად განთავსებას.