რა არის მიზნობრივი ტრანსფერი?

რა არის მიზნობრივი ტრანსფერი?

მიზნობრივი ტრანსფერი (ინგლისურად Targeted Transfer) არის ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები, რომლებიც წინასწარ დასახული მიზნის მიხედვით უნდა დაიხარჯოს. მიზნობრივ ტრანსფერს კომპანია გადასცემს შვილობილ კომპანიას ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს (მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – თბილისის ბიუჯეტს). ასევე, მიზნობრივი ტრანსფერის გაცემა შესაძლებელია ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის (მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ბათუმის ბიუჯეტისთვის).

მიზნობრივი ტრანსფერი გულისხმობს ტრანსფერის მიმღების უფლებამოსილების ზრდას, ანუ უფლებამოსილების დელეგირებას. მაგალითად, საქართველოში საჯარო სკოლების აშენება-რეაბილიტაცია ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფით შეუძლია, ეს უფლებამოსილება ნაწილობრივ გადასცეს მუნიციპალიტეტს.