ობლიგაცია (ინგლისურად Bond) არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ობლიგაციებს იურიდიული პირები (მთავრობა, ბანკები, კომპანიები და ა.შ.) უშვებენ და ყიდიან, რომ მიიღონ სესხი. ობლიგაციის გამომშვებ პირებს ემიტენტებს უწოდებენ. ვინც ობლიგაციას ყიდულობს, ის ხდება ობლიგაციის გამომშვებისთვის ფულის მიმსესხებელი. ობლიგაციაში დადგენილია სესხის პროცენტი (სარგებლის განაკვეთი) და სესხის ძირის დაფარვის ზუსტი ვადა. ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე ცვალებადი.
ობლიგაციის მფლობელს ამ ობლიგაციის გადაყიდვაც შეუძლია. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ჩვეულებრივი სესხისგან. ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია და, შესაბამისად, საფონდო ბირჟებზე მისი ყიდვა-გაყიდვა ხდება. კომპანია ობლიგაციებს უშვებს, როდესაც დამატებით თანხა ესაჭიროება და საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია უნდა, მხოლოდ ბანკის სესხზე რომ არ იყოს დამოკიდებული.
ობლიგაცია კომპანიასა და ამ კომპანიაში ფულის ჩადების სურვილის მქონე ინვესტორს შორის შუამავალია. როგორც წესი, ობლიგაციის გამომშვები უფრო დაბალ პროცენტს იხდის, ვიდრე საბანკო სესხის შემთხვევაში მოუწევდა გადახდა.