ფაქტორინგი (ინგლისურად Factoring) არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ბანკს შეუძლია, თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდოს. დებიტორული დავალიანება არის, როდესაც ვინმეს შენი ვალი აქვს.
მაგალითად, A კომპანიამ მიჰყიდა პროდუქცია B კომპანიას და ჯერ B-ს მისთვის ფული არ გადაუხდია. A კომპანიისთვის მომავალში მისაღები თანხა აქტივია, ანუ მისი ქონების ნაწილია. ფაქტორინგის მეშვეობით ბანკი A კომპანიას სთავაზობს, რომ B-ს ნაცვლად გადაუხდის ფულს და B კომპანია ბანკის მიმართ დარჩება დავალიანებული. ეს გარიგება აწყობს A კომპანიას, რადგან დებიტორული დავალიანება მისთვის ფულად გადაიქცევა, რაც კომპანიის ლიკვიდობას გაზრდის. ფაქტორინგი ეხმარება დავალიანებულ კომპანიასაც (B კომპანია), რადგან შეუძლია, ბანკთან უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გაწეროს ვალის მომსახურების გრაფიკი.
ფაქტორინგს ყველაზე ხშირად ვაჭრობაში ჩართული კომპანიები იყენებენ.