რენტა (ინგლისურად Rent) არის შემოსავლის სახეობა, რომელსაც იღებს კაპიტალის, მიწის ან სხვა ქონების მფლობელი. რენტის მიღების დროს შესაძლოა, ქონების მფლობელი თავად არ იყოს ჩართული ბიზნესსაქმიანობაში და სხვა იყენებდეს მის ქონებას, რის სანაცვლოდაც მფლობელს რენტას უხდის. შეიძლება ითქვას, რომ რენტა კაპიტალის (მათ შორის, მიწის) გამოყენების ფასია.
რენტის ყველაზე გავრცელებული სახეობაა ეკონომიკური რენტა, რომელიც კაპიტალისგან მიღებული შემოსავლისა და კაპიტალზე გაწეული ხარჯის სხვაობის ტოლია. გავრცელებულია ტერმინი მონოპოლიური რენტა, რაც მონოპოლისტის შემოსავლის იმ ნაწილს გამოხატავს, რასაც მონოპოლისტი იღებს იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე კონკურენცია არ არის.