სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (ინგლისურად Producer Price Index – PPI) არის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასების საშუალო დონის მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს სამრეწველო პროდუქციის წარმოება და მიწოდება გაძვირდა, თუ გაიაფდა.
ინდექსი მოიცავს სამთომოპოვებით მრეწველობას და კარიერების დამუშავებას, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციას, ელექტროენერგიას, აირს და კონდიცირებულ ჰაერს, წყალმომარაგებას, კანალიზაციას და ნარჩენების მართვის მომსახურებას.
მწარმოებელთა ფასების ინდექსის გაანგარიშებისთვის დასაკვირვებელი ფასი არის წარმოებული პროდუქტის ფასი საწარმოს კართან და არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს, აქციზს და ტრანსპორტირების ხარჯებს. ინდექსში წარმოებულ პროდუქციას წონა ენიჭება მთლიან წარმოებაში მოცემული პროდუქციის წილის მიხედვით. რაც მეტია პროდუქციის წილი, მისი ფასის ცვლილებას მეტი გავლენა აქვს სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსზე.