რა არის თამასუქი?

რა არის თამასუქი?

თამასუქი (ინგლისურად Promissory Note) ფასიანი ქაღალდია, რომლის გამცემი იღებს ვალდებულებას, რომ გარკვეულ ვადაში თამასუქში მითითებულ თანხას გადაიხდის, ან სხვას ავალებს აღნიშნული თანხის გადახდას. ძველად თამასუქს ვექსილს ეძახდნენ. თამასუქი სავალო დოკუმენტია, ანუ მისი გამცემი იღებს ვალდებულებას თანხის გადახდაზე. აღნიშნულ თანხას შესაძლოა, პროცენტიც ერიცხებოდეს. ვალის გამცემს თამასუქი სჭირდება, რომ იურიდიულად დადასტურებულ დოკუმენტს ფლობდეს, სადაც წერია, რომ გარკვეულ პირს მისი თანხა მართებს.

თამასუქი რადგან ფასიანი ქაღალდია, შესაძლოა ივაჭრებოდეს, ანუ თამასუქის მფლობელმა ის გაყიდოს, აიღოს სასურველი თანხა და ამის შემდეგ უკვე თამასუქის ახალმა მფლობელმა მოითხოვოს ვალის დაბრუნება თამასუქის გამცემი პირისგან (ვინც თავდაპირველად აიღო ვალი). აქედან გამომდინარე, თამასუქის, როგორც საგადასახდელო დოკუმენტის, ფულის ნაცვლად გამოყენებაც შეიძლება.