რა გეგმები აქვს ილონ მასკს Twitter-თან დაკავშირებით - NYT-ის ექსკლუზივი

რა გეგმები აქვს ილონ მასკს Twitter-თან დაკავშირებით - NYT-ის ექსკლუზივი

მას შემდეგ, რაც Twitter-ის აქციონერები ილონ მასკის მიერ კომპანიის 100%-იანი წილის $44 მილიარდად გამოსყიდვის შემოთავაზებას დათანხმდნენ, ცალკეულ ინვესტორებსა და ტექნოლოგიებითა თუ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს ლეგიტიმური შეკითხვები გაუჩნდათ – მათ შორის ის, თუ რას უპირებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ერთ-ერთ წამყვან სოციალურ ქსელს.

საინტერესოა, რომ ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ახლა უფრო თამამად შეგვიძლია, რადგან ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, The New York Times-მა ილონ მასკის მიერ ინვესტორებისადმი გაგზავნილი პრეზენტაცია მოიპოვა, რომელშიც მასკის ფინანსური მიზნები ნათლად არის აღწერილი.

შემოსავალი: ინვესტორებისადმი გაგზავნილი პრეზენტაციიდან ირკვევა, რომ 2028 წლისთვის, ილონ მასკი Twitter-ის ყოველწლიური შემოსავლის $26.4 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან, სოციალურმა ქსელმა შემოსავლის სახით $5 მილიარდი მიიღო.

რეკლამები: ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც მასკის მმართველობის ქვეშ რადიკალურად შეიცვლება – კომპანიის რეკლამირებაზე დამოკიდებულება იქნება. 2020 წელს, კომპანიის შემოსავლის 90% სწორედ რეკლამებმა შეადგინა – მასკს ამ მაჩვენებლის 45%-მდე შემცირება სურს. მასკის გათვლებით, 2028 წლის შემოსავალში რეკლამების წილი $12 მილიარდი იქნება, ხოლო გამოწერისა – $10 მილიარდი.

გადახდების ბიზნესი: აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის ამბიციური ფინანსური გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი ონლაინ-გადახდების ბიზნესია, რომლითაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის გათვლებით, 2023 წელს, Twitter-ი $15 მილიონის შემოსავალს მიიღებს – 2028 წლისთვის, ეს მაჩვენებელი $1.3 მილიარდამდე გაიზრდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ-გადახდების ბიზნესი, რომელსაც Twitter-ი დღესაც ფლობს, საკმაოდ უმნიშვნელოა.

შემოსავალი ერთ მომხმარებელზე: ზემოთ ხსენებული ცვლილებების შედეგად, 2028 წლისთვის, ილონ მასკი სოციალური ქსელების მთავარი ფინანსური პარამეტრის, ერთ მომხმარებელზე შემოსავლის გაზრდას $30.22-მდე გეგმავს, რაც გასულ წელთან შედარებით $5.39-იანი მატებაა.

მომხმარებელთა რაოდენობა: ილონ მასკის გათვლებით, 2025 წელს – Twitter-ს 600 მილიონი, ხოლო 2028 წელს – 931 მილიონი მომხმარებელი ეყოლება, რაც სოციალური ქსელის დღევანდელი 217-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზის გათვალისწინებით, წარმოუდგენელი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის უდიდეს ნაწილს ილონ მასკი Twitter-ის პრემიუმ ბიზნესს, Twitter Blue-ს მიაწერს, რომლისთვისაც მომხმარებლები ყოველთვიურად $3-ს იხდიან – მასკის გათვლებით, 2028 წელს Twitter Blue-ს 159 მილიონი მომხმარებელი ეყოლება.

პროექტი-X: ერთ-ერთი მიმართულება, რომლის განვითარება ილონ მასკს განსაკუთრებულად სურს, ჯერჯერობით ბურუსით მოცული ახალი პროდუქტია, სახელწოდებით X-ი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარია Twitter-ის ე.წ. „ულტრა-პრემიუმ“ სერვისზე, რომლის გამომწერები სოციალურ ქსელს რეკლამების გარეშე გამოიყენებენ. ილონ მასკის პრეზენტაციის თანახმად, გაშვებიდან პირველივე წელს X-ს 9 მილიონი მომხმარებელი ეყოლება, ხოლო 2028 წელს, მას 104 მილიონი ადამიანი გამოიყენებს.

თანამშრომლები: რაც შეეხება Twitter-ის თანამშრომლებს, აქ ვითარება უცნაურია – საქმე ისაა, რომ ილონ მასკის პრეზენტაციის თანახმად, 2025 წელს კომპანიას 11,072 თანამშრომელი ეყოლება, რაც დღევანდელ 7,500-იან მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება. თუმცა, თანამშრომლების რაოდენობის ზრდა მუდმივი არ იქნება: 2022 წელს, რაოდენობა 9,225-მდე გაიზრდება, ხოლო 2023 წელს – 8,332-მდე შემცირდება და შემდგომ წლებში – კვლავ გაიზრდება.

ულადი ნაკადების ანგარიშგება: ილონ მასკის მიერ Twitter-ის გამოსყიდვისთვის საჭირო ფინანსირების მოდელი $13-მილიარდიან სესხს მოიცავს, რომლის გადახდას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადებით გეგმავს – ეს მაჩვენებელი 2025 წელს $3.2 მილიარდი იქნება, ხოლო 2028 წელს – $9.4 მილიარდამდე გაიზრდება. საინტერესოა, რომ მასკის პრეზენტაციის თანახმად, ამ მაჩვენებლის ზრდა იმ შემთხვევაშიც იგეგმება, თუ საოპერაციო ხარჯები მოიმატებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *