პარიზში გასამართ 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10,500 სპორტსმენი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს 32 სპორტის სახეობაში მთავარი ჯილდოსთვის შეეჯიბრებიან.
მთავარი ჯილდო კი, ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსთან ერთად, ოქროს მედალია, რომელიც ბოლო წლების ოლიმპიადებს შორის წელს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ჯამში 329 ოქროს მედალი დამზადდა, თითოეულის ღირებულება კი $950-ს უტოლდება. ოქროს მედლები უმეტესად ვერცხლისაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მედალი სრულად სუფთა ოქროსგან იქნებოდა ჩამოსხმული, მისი ღირებულება $41,161.50-ს მიაღწევდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მხოლოდ სუფთა ოქროსგან დამზადებული მედლები ოლიმპიადაზე 1912 წლის შემდეგ აღარ გვხვდება.
შედარებისთვის, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის ღირებულებამ $708 შეადგინა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს მედლის წლევანდელი ღირებულება უმეტესწილად ოქროს რეკორდულ ფასს უკავშირდება. ცნობისთვის, ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს – $2,483.68-ს მიმდინარე წლის ივლისში მიაღწია.
ოლიმპიური მედლის დიამეტრი 85 მილიმეტრია, სისქე – 9.2 მილიმეტრი. ოლიმპიური ოქროს მედალი 529 გრამს იწონის, მედლის 95.4%-ზე მეტი კი ფაქტობრივად ვერცხლისგანაა (505 გრამი) დამზადებული. ექვსი გრამი მედალში სუფთა ოქროა, ხოლო დარჩენილი 18 გრამი რკინაა.
ვერცხლის მედალი 525 გრამს იწონის, საიდანაც 507 გრამი ვერცხლი და 18 გრამი რკინაა. 24 ივლისის მდგომარეობით, ოლიმპიური ვერცხლის მედლის ღირებულება $486-ია. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის 455 გრამს იწონის – 415.15 გრამი სპილენძი, 21.85 გრამი თუთია და 18 გრამი რკინა – და მისი ღირებულება ძალიან დაბალი, მხოლოდ $13-ია.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეტალი, რომელიც ოლიმპიური მედლების დასამზადებლად გამოიყენება, ჩვეულებრივი რკინა არაა – ეიფელის კოშკის ლითონის ნაჭრისგანაა დამზადებული.
მართალია, ოლიმპიური მედლის ღირებულების განსაზღვრისას დიზაინი, როგორც წესი, არ შედის ფასში, მაგრამ ამ მედლების შემთხვევაში ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს, რადგან ისინი LVMH-ის საკუთრებაში არსებული ისტორიული ფრანგული საიუველირო სახლის Chaumet-ის მიერ შეიქმნა. LVMH-ის ინფორმაციით, Chaumet-ი ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი იუველირია, რომელმაც მედლების დიზაინი შექმნა.
წლევანდელი ოლიმპიადის ემბლემა აერთიანებს ოქროს მედალს, ოლიმპიურ ცეცხლს და მარიანის სახეს – რევოლუციისა და საფრანგეთის ხალხის სანუკვარ სიმბოლოს. ემბლემის ქვედა ნაწილზე დატანილია სიტყვები „პარიზის ოლიმპიადა“ და 5-რგოლიანი ლოგო.
როგორც სხვა ყველა ოლიმპიადის შემთხვევაში, პარიზის მედლების უკანა მხარე საბერძნეთში თამაშების აღორძინების ისტორიას ასახავს – გამარჯვების ქალღმერთის ადაპტაცია და ათენის ოლიმპიური თამაშების სტადიონის გამოსახულება ელენა ვოცს ეკუთვნის. ნიკეს გამოსახულებასთან ერთად, რომელიც ოლიმპიადის მედლებზე 2004 წლიდან მოყოლებული გვხვდება, წლევანდელი მედლის ერთ მხარეს ეიფელის კოშკიც იქნება დატანილი.