ანგელოზი ინვესტორი (ინგლისურად Angel Investor) არის ინვესტორი, რომელიც ახალდაფუძნებულ, მცირე კომპანიაში, ე.წ. „Startup“-ში დებს ფულს. ამასთან, ეს ინვესტორები გამოირჩევიან მაღალი რეპუტაციით და მათ მიერ კონკრეტული ახალი კომპანიით დაინტერესება, ამ ახალი კომპანიისადმი სხვა ინვესტორების დაინტერესებასაც ზრდის. სახელი „ანგელოზი“ დაკავშირებულია ახალი ინვესტორის სტატუსთან – ის კომპანიას ხშირად „მფარველად“ ევლინება. ანგელოზ ინვესტორებს კომპანიისთვის ფულთან ერთად გამოცდილება და რჩევებიც მოაქვთ.
ანგელოზი ინვესტორები ინვესტიციების სანაცვლოდ ძირითადად კომპანიის მცირე წილს იღებენ, 10-30 პროცენტს. თუკი საინვესტიციო გადაწყვეტილება გაამართლებს და ახალი კომპანია წარმატებული აღმოჩნდება, ანგელოზი ინვესტორები თავიანთი წილის გადაყიდვით დიდ მოგებას ნახულობენ. თუმცა, დიდ მოგებას დიდი რისკიც ახლავს. კვლევები აჩვენებს, რომ ანგელოზი ინვესტორების განხორციელებული ინვესტიციების დაახლოებით 30% ამართლებს.