აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს პირველად მიმართა და ამერიკელ კანონმდებლებს პოლიტიკური ხედვა და გეგმები წარუდგინა.
კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ საპრეზიდენტო სიტყვას რესპუბლიკელი კანონმდებლები ოვაციებით, დემოკრატების ნაწილი კი საპროტესტო შეძახილებით შეხვდა. დონალდ ტრამპმა გასული ექვსი კვირის საქმიანობა და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილა.
დონალდ ტრამპმა ილონ მასკს აქამდე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი საჯარო მოხელეებისა და კონტრაქტორების რიცხვის შემცირებას ჩაუდგა სათავეში, რის შედეგადაც ამ დრომდე 10,000-ობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დეპარტამენტის ცნობით, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად აშშ-მა უკვე $105 მილიარდის დაზოგვა შეძლო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისაგან მიღებულ წერილზეც ისაუბრა, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ უკანასკნელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების იდენტური უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ წერილში ზელენსკი ოვალურ კაბინეტში ერთი კვირით ადრე მომხდარის შესახებ წუხს და სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის როლს უსვამს ხაზს. ტრამპის განცხადებით, ის უკრაინის პრეზიდენტის მიერ წერილის გაგზავნას აფასებს.
დონალდ ტრამპმა მის მიერ მექსიკის, კანადისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესებაზეც ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ტარიფები ამერიკას კვლავ გაამდიდრებს. გარდა ამისა, ტრამპმა საპასუხო ტარიფების 2 აპრილიდან დაწესების შესახებაც განაცხადა. მისი განმარტებით, პროცესი თავიდან შესაძლოა მცირედით შემაწუხებელი იყოს, თუმცა ის ამისთვის მზადაა.
კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში კვერცხის ბიზნესში კრიზისს შეეხო და პროდუქტის ფასის დრამატულად მატებაში ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. მისი განმარტებით, კვერცხის ფასები კონტროლიდან ბაიდენის დროს გავიდა, რასაც თავად აუცილებლად გამოასწორებს.
დაახლოებით 100-წუთიანი სიტყვისას დონალდ ტრამპმა აშშ-ში წიაღისეული რესურსის მოპოვებაზე, ინფლაციის დაძლევაზე, ეკონომიკურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურასა და ჩიპების ადგილობრივად წარმოებაზე, ასევე წინა ადმინისტრაციის შეცდომებზე ისაუბრა.
ტრამპის სიტყვით გამოსვლისას დემოკრატ კანონმდებლებს ხელში მცირე ზომის ბანერები ეჭირათ, რომლებზეც გამოსახული იყო შემდეგი სახის მესიჯები: „ეს ტყუილია“, „მასკი იპარავს“, „სიცრუე“ და ა.შ. ერთ-ერთი დემოკრატი კონგრესმენი, ალ გრინი დარბაზიდანაც კი გააძევეს.