რა თანხას ხარჯავენ და რამდენი ხნით რჩებიან ტურისტები საქართველოში

რა თანხას ხარჯავენ და რამდენი ხნით რჩებიან ტურისტები საქართველოში

2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა, რაც 17.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7%, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ. სტატისტიკის სამსახურის კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების 63.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 30.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. შემდეგ მოდის 15-30 წლის კატეგორია (28%) და 51-70 წლის კატეგორია (24%).  ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.7 პროცენტს შეადგენდა.

რაც შეეხება ვიზიტების მიზანს, როგორც აღმოჩნდა საქართველოში შემოსული უცხოელი მოგზაურების უმეტესობის მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაციაა – ამ კატეგორიაზე მთლიანი მოცულობის 37.7% მოდის. მეგობრებისა და ნათესავების მონახულებას კი მთლიანი მოცულობის 22.2% უკავია. მას მოსდევს ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად, – 18.1%. “შოპინგისა” და საქონლის შეძენისთვის კი ვზიტორების 9.5% შემოვიდა საქართველოში. პროფესიულ და ეკონომიკურ საქმიანობაზე მთლიანი მოცულობის 8.2% მოდის. მკურნალობასა და გაჯანსაღებაზე კი 2,7%. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი.

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 პროცენტით აღემატება. განხორციელებული ვიზიტების 75 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 31.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი, წინა წელთან შედარებით, 9.4 პროცენტით გაიზარდა და 888.7ლარი შეადგინა.