რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის კანონპროექტიდან

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის კანონპროექტიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა  ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც კლიმატის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც აერთიანებს.

ჯანდაცვის ვალდებულებებთან ერთად, „ინფლაციის შემცირების აქტი“ $369 მილიარდს გამოყოფს განახლებადი ენერგიისა და სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის. ექსპერტთა ნაწილის აზრით, აშშ-ში, 2030 წლისთვის, ემისიების დაახლოებით 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აქტს უწოდა „კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალურ კრიზისთან საბრძოლველად ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელმაც ყველაზე მდიდარ კორპორაციებს თავიანთი წილის გადახდა აიძულა“. ამან კი შესაძლოა ქვეყანა ბაიდენის კლიმატურ მიზანსაც დააახლოოს, რომელიც ათწლეულის ბოლომდე ემისიების განახევრებას ითვალისწინებს.

„ინფლაციის შემცირების აქტი“ ამჟამად პალატაში გადავა, სადაც ბაიდენმა კანონპროექტის რაც შეიძლება სწრაფ ვადებში დამტკიცება მოითხოვა. მანამდე კი საინტერესოა, თუ რას ითვალისწინებს აშშ-ის ახალი კანონპროექტი და რატომაა ის ქვეყნისთვის ისტორიული:

ინვესტიციები სუფთა ენერგიაში

„ინფლაციის შემცირების აქტი“ აფართოებს საგადასახადო შეღავათებს, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია განახლებადი ენერგიისთვის. აქტი ახალ სტიმულებსაც ქმნის ინვესტიციებისთვის სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებსა და ენერგიის გამომუშავებაში. მილიარდობით დოლარი დაიხარჯება ქარისა და მზის ენერგიის განვითარებაზეც.

„ამერიკული სუფთა ენერგიის ასოციაციის“ ანალიზის თანახმად, აშშ-ში სამჯერ მეტი სუფთა ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც საკმარისი იქნება 110 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებისთვის. გარდა ამისა, კანონპროექტი მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის კომპანიების წახალისებასაც ითვალისწინებს.

საგადასახადო შეღავათები ელექტრომანქანებისთვის, მზის პანელებისთვის და სხვ.

კანონპროექტი იმ მომხმარებლების სტიმულირებასაც ითვალისწინებს, რომლებიც მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებას გეგმავენ. „სახლის კეთილმოწყობის კრედიტი“, ოჯახებს „გაუმჯობესების ღირებულების“ 30%-იანი შეღავათის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაშიც გათბობის ტუმბოები და იზოლაციაც შედის. ხარჯიდან 30%-იანი გამოქვითვა მზის პანელებსა და ბატარეებსაც შეეხება.

საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ ავტომანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლების მსურველებიც. წყვილები, რომლებიც წლიურად $300,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ან ცალკეული პირები, $150,000-ზე ნაკლები შემოსავლით, ახალი EV-ზე $7,500-იანი, ხოლო მეორად მანქანებზე $4,000-იანი შეღავათის გამოყენებას შეძლებენ.

მილიარდობით დოლარი იმ მოსახლეობისთვის, რომელზედაც განსაკუთრებით მოქმედებს დაბინძურება

„ინფლაციის შემცირების აქტი“ $60 მილიარდს გასცემს მათთვის, ვინც ყველაზე მეტად ზარალდება საწვავით დაბინძურებისგან. კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას დაბინძურების დაძლევაში, რაც კლიმატის კრიზისის შედეგებისადმი მდგრადობასაც გაზრდის.

აქტი მეთანისთვის პირველ გადასახადსაც დააკისრებს იმ კომპანიებს, რომლებიც მეთანის სათბური აირების გადაჭარბებულ რაოდენობას გამოყოფენ. ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის ფირმა Energy Innovation-ის თანახმად, კანონპროექტის მიერ შემცირებული დაბინძურებით, 2030 წლისთვის ყოველწლიურად 3,900-მდე სიცოცხლე გადარჩება.

მეტი „მწვანე სამუშაო ადგილის“ შექმნა

იქიდან გამომდინარე, რომ „ინფლაციის შემცირების აქტი“ აშშ-ში სუფთა ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის წარმოებას წაახალისებს, სავარაუდოდ უფრო მეტ „მწვანე სამუშაო ადგილსაც“ შექმნის. Energy Innovation-ის შეფასებით, 2030 წლისთვის 1,5 მილიონი ახალი ფუნქცია შესაძლოა შეიქმნას მშენებლობის, წარმოებისა და მომსახურების სექტორში.

ყველა არ არის კმაყოფილი კანონპროექტით

350-მა კლიმატურმა ჯგუფმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომელიც აშშ-ის მთავრობისგან მოითხოვს ემისიების შემცირების მიზნით არ განხორციელდეს ინვესტირება ე.წ. „წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის თაღლითობებში“. მიმართვის ტექსტის თანახმად, წიაღისეული საწვავის ახალი პროექტების დაშვება კლიმატური პირობის დარღვევაა და ეკონომიკის წიაღისეულისგან გათავისუფლებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში ხელს შეუშლის.

მთავრობისადმი მიმართვას ხელი სენატორმა ბერნი სანდერსმაც მოაწერა, რომელიც თვლის, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან სარგებელს შეიცავს წიაღისეული საწვავის ინდუსტრიისთვისაც. სანდერსის განცხადებით, წიაღისეული საწვავის ინდუსტრია მილიარდობით დოლარის საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდიებს მიიღებს მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

სენატორმა აღნიშნა, რომ ოფშორული ქარის სადგურების განვითარების დამტკიცებამდე, კანონპროექტის მიხედვით, 240 მილიონ ჰექტარზე მეტი საზოგადოებრივი წყლები ყოველწლიურად გაზისა და ნავთობის კომპანიებისთვის გასაყიდად უნდა იყოს შეთავაზებული. ამას ემატება დაახლოებით 809,371 ჰექტარი მიწა, რომელიც გასაყიდად იმ დრომდე იქნება შეთავაზებული, სანამ განახლებადი ენერგიის განვითარების იჯარა გაგრძელდება.

საბოლოო ჯამში, მომავალ ათწლეულში,  ნავთობისა და გაზის ბურღვითი სამუშაოებისთვის, წიაღისეული საწვავის ინდუსტრიისთვის ხელმისაწვდომი საჯარო მიწებისა და წყლების 283 მილიონი ჰექტარი იქნება. ეს კი სანდერსის აზრით იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიამ შესაძლოა გამოიყენოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *