სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $12.56 მილიარდს გადააჭარბა. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტმა – $3.53 მილიარდს, იმპორტმა კი $9.03 მილიარდს გადააჭარბა. წლიურ ჭრილში პირველ შემთხვევაში 1.3%-იანი კლება, მეორე შემთხვევაში კი 2.9%-იანი მატება დაფიქსირდა.
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი $5.5 მილიარდს გადასცდა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ს შეადგენს.
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები: თურქეთი (1.809 მლრდ. აშშ დოლარი), რუსეთი (1.427 მლრდ. აშშ დოლარი) და აშშ (1.078 მლრდ აშშ დოლარი). ექსპორტში რუსეთი 407.2 მლნ. აშშ დოლარით მესამე ადგილს იკავებს, იმპორტში კი – მეორე ადგილს, 1.02 მლრდ. აშშ დოლარით.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2024 წლის იანვარ-ივლისში, ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის ღირებულებამ 121 452.6 აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 84 978.3 აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 47 853.0 აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით (შაქრის დანამატების შემცველობით), ასევე ნაყოფები (ახალი), შესაბამისად, 34 733.4 და 23 467.2 აშშ დოლარით.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, 330 760.5 აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია 104 686.2 აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან (შემდგომი დამუშავების გარეშე) იკავებს 32 938.2 აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ხორბალი და მესლინი, ასევე კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, შესაბამისად, 32 303.1 და 28 008.6 აშშ დოლარით.