საქართველოში სულ სამი საერთაშორისო და ორი ადგილობრივი აეროპორტია. ავიაციის სექტორი პანდემიური კრიზისიდან გამოდის, თუმცა ქართული აეროპორტების მგზავრთნაკადი კვლავ პანდემიამდელ ნიშნულზე დაბალია. 2021 წელს ქართული აეროპორტები 2,496,448 მგზავრს მოემსახურნენ. მართალია, ეს 2020 წელთან შედარებით 200%-ით მეტია, მაგრამ 2019 წელს მგზავრთნაკადი 5,209,505 იყო, ანუ 2020-თან შედარებით ორჯერ მეტი. სავარაუდოდ, 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნება ვერც წელს მოხდება, რადგანაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გათვალისწინებით, საქართველოს ტურიზმის აღდგენა შესაძლოა უფრო ნელი აღმოჩნდეს.
საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ორს საერთაშორისო ჰოლდინგი Tav-ი მართავს. პანდემიამდე TAVის ქართული აეროპორტების შემოსავლები სწრაფი ტემპით იზრდებოდა, მაგალითად, 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსავალი 260.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 163.6 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს კი 64.8 მილიონი ლარის შემოსავალი და 17.3 მილიონის წმინდა მოგება ჰქონდა. ბათუმის აეროპორტს 2019 წელს 28.3 მილიონის შემოსავალი და 20.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, 2020 წელს მისი შემოსავალი 3.3 მილიონამდე შემცირდა, მოგება კი 26 ათასი ლარი იყო.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2019 წელს აეროპორტის შემოსავალი 7.9 მილიონი, 2020 წელს კი 1.9 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს აეროპორტები მგზავრთნაკადის მიხედვით
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი | ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი | ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი | მესტიის აეროპორტი | ამბროლაურის აეროპორტი | |
მგზავრთა რაოდენობა 2021 წელს | 1,683,696 | 516,017 | 282,514 | 5,141 | 2,000 |
მატება წინა წელთან შედარებით | 185% | 903% | 54% | 62% | 64% |
საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი, 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების მიხედვით
# | კომპანია | გადაყვანილი მგზავრი | საბაზრო წილი |
1 | Turkish Airlines | 274,404 | 11.5% |
2 | Wizz Air | 202,286 | 8.4% |
3 | Sky UP | 192,921 | 8.1% |
4 | Pegasus | 191,794 | 8.0% |
5 | Belavia | 188,438 | 7.9% |
6 | Fly Dubai | 135,059 | 5.6% |
7 | Flynas | 124,717 | 5.2% |
8 | Israir | 98,098 | 4.1% |
9 | Georgian Airways | 72,923 | 3% |
10 | Air Arabia | 72,344 | 3% |
საქართველოდან ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი არის სტამბული, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბია.