კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, არაერთმა მდიდარმა ადამიანმა მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო ინვენტარის და საჭირო ფინანსური რესურსის დონაციის შესახებ განაცხადა. კომპანიებმა როგორიცაა მაგალითად, Facebook-ი, Apple-ი და Tesla, პირობა დადეს, რომ მილიონობით დოლარს გამოყოფენ იმისათვის, რათა საჭირო რესურსები უზრუნველყონ, მაგალითად, სამედიცინო პირბადები, დამცავი ტანსაცმელი და სასუნთქი აპარატები.
კომპანიების გარდა, ფიზიკური პირებიც აცხადებენ გარკვეული დონაციების შესახებ. ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი იყო ბილ გეითსი, რომელსაც დაარსებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია ბილ და მელინდა გეითსების ფონდი. აღსანიშნავია, ასევე ყველაზე მსხვილი შემომწირველი Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯეკ დორსი, რომელმაც 1 მილიარდის უზრუნველყოფის პირობა დადო.
გთავაზობთ Silicon Valley-ის რამდენიმე ცნობილ მილიარდერს ტექნოლოგიების სფეროში, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მსხვილი დონაციების შესახებ განაცხადეს.
ჯეკ დორსი
ქონება: $3.89 მილიარდი
დანაპირები დონაცია: $1 მილიარდი
Twitter-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის კორონავირუსით გამოწვეული კრიზისების შესამსუბუქებლად თავისი ქონების დაახლოებით 28%-ს გაიღებს. დორსიმ ის ბმულიც გაასაჯაროვა, სადაც მოხდება გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაციის განახლება. მან პირველი $100 000 უკვე გაიღო ამერიკის საკვების ფონდისთვის.
ჯეფ ბეზოსი
ქონება: $123 მილიარდი
დანაპირები დონაცია: $100 მილიონი
ჯეფ ბეზოსმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ Feeding America-სთვის $100 მილიონს გამოყოფს, რაც საკვების ბანკების უზრუნველყოფას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ დანაპირები თანხა მისი ქონების 0,08%-ს შეადგენს.
ამასთან, ბეზოსის კომპანია Amazon-მა შექმნა ცალკე ფონდი, რომელიც თავის თანამშრომლებს და სეზონურად დასაქმებულებს დაეხმარება. აღნიშნულ ფონდში კომპანიამ $25 მილიონი ჩადო.
ბილ გეითსი
ქონება: $101 მილიარდი
დანაპირები დონაცია: $100 მილიონი
გეითსების ფონდმა $100 მილიონის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში განახადეს, რაც პანდემიასთან ბრძოლას უნდა მოხმარდეს.
გარდა ამისა, მარტში გეითსების ფონდმა განაცხადა, რომ $50 მილიონს ერთობლივ ფონდში COVID-19 Therapeutics Accelerator-ში ჩარიცხავენ. ეს იმ 100 მილიონში შედის თუ არა, ჯერ ცნობილი არაა.
გეითსების ფონდი ასევე აფინანსებს ვაშინგტონის შტატში კორონავირუსის ტესტებს. ასევე გეითსის თქმით, ის დააფინანსებს შვიდი ქარხნის აშენებას ვაქცინის წარმოებისთვის.
მარკ ცუკერბერგი
ქონება: $65 მილიარდი
დანაპირები დონაცია: $25 მილიონი
ცუკერბერგის საქველმოქმედო ორგანიზაციამ მარტში განაცხადა, რომ $25 მილიონს გამოყოფს Therapeutics Accelerator-სთვის. აღნიშნული თანხა ცუკერბერგის 0,04%-ია.