რამდენი გამომწერი გჭირდებათ სოციალურ მედიაში $100,000-ის გამოსამუშავებლად

რამდენი გამომწერი გჭირდებათ სოციალურ მედიაში $100,000-ის გამოსამუშავებლად

სოციალური მედია, განსაკუთრებით ისეთი პლატფორმები, როგორიცაა TikTok-ი, YouTube-ი და Instagram-ი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება დამატებითი შემოსავლის მისაღებად. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თანხის მოცულობა, რომელსაც თქვენ სოციალური ქსელების ვარსკვლავობა მოგიტანთ, თქვენი გამომწერების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

The Rock-ი, კრიშტიანუ რონალდუ, კაილი ჯენერი – ეს იმ ვარსკვლავთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამომწერების რაოდენობა სოციალურ ქსელებში 200 მილიონს სცდება, მათი ერთი პოსტის მნახველთა რაოდენობა კი $1 მილიონსაც უტოლდება. იმის დასადგენად, თუ რამდენი გამომწერია საჭირო TikTok-ზე, YouTube-სა თუ Instagram-ზე $100,000 დოლარის გამოსამუშავებლად, მუსიკის სალიცენზიო პლატფორმა Lickd.co-მ ახალი გამომთვლელი „Social Salary“ შემოგვთავაზა. მიღებულ შედეგებს თითოეული სოციალური პლატფორმის მიხედვით წარმოგიდგენთ.

YouTube

„Social Salary“-ის მონაცემებით, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოპლატფორმა YouTube-ზე $100,000-ის გამოსამუშავებლად მინიმუმ 1,000 გამომწერი და „ნახვების“ 24 მილიონამდე წლიური რაოდენობა დაგჭირდებათ.

YouTube-ის პლატფორმით შემოსავლის მისაღებად აუცილებელია YouTube Partner Programme (YPP)-ში დარეგისტრირება, რომელიც თქვენს ვიდეოებზე რეკლამის განთავსებით ფულის გამომუშავების შესაძლებლობას მოგცემთ. YPP-ში გასაწევრიანებლად მინიმუმ 1,000 გამომწერი და ბოლო 12 თვის განმავლობაში 4,000 საათზე მეტი ნახვის დაგროვება დაგჭირდებათ. Marketing Hub’s YouTube-ის გამოთვლით, ერთი „იუთუბერი“ 1,000 ნახვით საშუალოდ $7,60 გამოიმუშავებს. ამ შემოსავლის 45% კი Google-ის გადაეცემა.

Instagram

Instagram-ზე $100,000-იანი შემოსავლისთვის კი 5,000 გამომწერი და ყოველწლიურად 308 დასპონსორებული პოსტი გჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ე.წ. „ინფლუენსერობა“ ბევრისთვის საკმაოდ მარტივ გზად იქცა პოპულარობის მოსაპოვებლად და ამავდროულად საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მისაღებადაც. „ინფლუენსერებს“, რომლებსაც სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ, სხვადასხვა ბრენდისგან ერთი პოსტით $250,000 მეტის გამომუშავება შეუძლიათ.

Instagram-იდან შემოსავლის მისაღებად მხოლოდ თქვენი ანგარიშის „Professional Account“-ზე გადართვა და „ბიზნესის“ სექციის არჩევაა აუცილებელი.

TikTok

ახალ, თუმცა უკვე საკმაოდ პოპულარულ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე მინიმუმ 10,000 გამომწერი და წელიწადში 270 მილიონი ნახვა $100,000 დოლარს მოგიტანთ. აღნიშნულ სოციალურ პლატფორმას, YouTube-ის მსგავსად, აქვს ე.წ. პარტნიორობის პროგრამა, რომელსაც TikTok Creator Fund-ი ეწოდება.

TikTok-ის პლატფორმიდან შემოსავლის მისაღებად რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა აუცილებელი. მაგალითად, კონტენტის ავტორები უნდა იყვნენ დაფუძნებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში ან იტალიაში და უნდა იყვნენ მინიმუმ 18 წლის. გარდა ამისა, აუცილებელია, მინიმუმ 100,000 გამომწერი და ბოლო 30 დღეში მინიმუმ 100,000 ვიდეონახვა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ შექმნილი TikTok-ის ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს პლატფორმის საზოგადოებრივ წესებსა და მომსახურების პირობებს.

თუ გსურთ, გაიგოთ სხვადასხვა სოციალური პლატფორმით და გამომწერთა რაოდენობით რა თანხის გამომუშავება შეგიძლიათ, Lickd.co-ს გამომთვლელი გამოიყენეთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.