საქართველოში Sheraton-ის ბრენდით სულ ორი სასტუმრო ოპერირებს, მათგან ერთი – თბილისში, მეორე კი ბათუმში მდებარეობს. “შერატონ ბათუმი” აჭარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, მისი მფლობელია კომპანია “ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთი”, რომელმაც სასტუმრო კომპლექსი 2010 წელს მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად გახსნა.
21-სართულიანი კომპლექსი 21 სასტუმრო – ნომერს, 26 ლუქს ნომერს, ასევე, სპა ცენტრს და რესტორნებს აერთიანებს და 200-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში სასტუმროს შემოსავალი 2.1 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 24.1 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან “შერატონის” წმინდა მოგება გასულ წელს 2.2 მილიონი ლარი იყო.
უფრო დეტალურად, “შერატონ ბათუმის” შემოსავლები 2019 წელს ასეთი იყო:
● სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი – 13.8 მილიონი ლარი;
● ბარიდან და რესტორნიდან მიღებული შემოსავალი – 5.4 მილიონი ლარი;
● სპა და სხვა გამაჯანსაღებელი მომსახურებები – 0.9 მილიონი ლარი;
● კომერციული ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი – 0.8 მილიონი ლარი;
● ნუროლი რეზიდენსის ოთახების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი – 3.2 მილიონი ლარი.
სასტუმროს ოპერირებას “ნუროლთან” გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე Starwood Hotels & Resorts Worldwide-ი, ანუ Sheraton-ის ბრენდის მფლობელი კომპანია ახდენს. 2019 წელს Starwood -ისთვის გადახდილი თანხა 1.7 მილიონ ლარს აღემატებოდა.
“2019 წლის განმავლობაში აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებული ხარჯი 1,776,062 ლარია და შედგება ლიცენზიის, მარკეტინგის და სხვადასხვა გადასახადებისგან, რომლებიც განსაზღვრულია მმართველობითი მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით”, – ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
ამ ხარჯის გარდა, სასტუმროსთვის სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები იყო ხელფასები, რომელთა მოცულობაც 2019 წელს 5.2 მილიონი ლარი იყო, კომუნალური ხარჯები, რაც 1.1 მილიონ ლარს აღემატებოდა, ქონების გადასახადი – 807 ათასი ლარი, სარემონტო ხარჯები კი, 810 ათასი ლარი იყო. ამასთან, სასტუმროსთვის აქტივების ცვეთის ხარჯმა 4.9 მილიონი ლარი შეადგინა.
2019 წლის 31 დეკემბრისთვის სასტუმროს აქტივები 86.4 მილიონ ლარი იყო.
2019 წელი არამარტო “შერატონ ბათუმისთვის” არამედ მთლიანად ტურისტული სექტორისთვის რეკორდული შემოსავლებით გამოირჩეოდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველომ ტურიზმიდან გასულ წელს $3 მილიარდზე მეტი მიიღო. ქვეყანამ ჯამურად 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო, საიდანაც 5 მილიონი ტურისტი იყო და ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩა.