სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. მასზე დაყრდნობით, 2023 წლის II კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 57.4%-ით აღემატება.
ცნობისთვის, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.
ზემოხსენებული მაჩვენებლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 58.7%-ით მეტია.
შეგახსენებთ, ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით.
2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58.1%-ით აღემატება.
ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 44.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი ვიზიტორი, 290.8 ათასი, თურქეთიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე რუსეთია 22.1%-იანი წილით, მესამეზე კი – სომხეთი 12.4%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 366.1 ათასი, თურქეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რუსეთის მოქალაქეების – 320.8 ათასი, სომხეთის მოქალაქეების მიერ კი 214.6 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა.