UNWTO-ის აღმასრულებელმა საბჭომ 112-ე სხდომის ფარგლებში „თბილისის დეკლარაცია“ მიიღო.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმი ეკონომიკის სექტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია. საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი 2020 წელს დაახლოებით 58-დან 78%-მდე იქნება შემცირებული, რაც დაახლოებით 100-120 მლნ ტურიზმთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილს რისკის წინაშე აყენებს. აქედან გამომდინარე, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში მონაწილე მხარეების ეროვნულ, რეგიონულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე.
„UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭო შეთანხმდა, რომ კრიზისი არის შესაძლებლობა ხელახლა გააზრებისთვის თუ როგორ არის დაკავშირებული ტურიზმი ჩვენს საზოგადოებებთან, ეკონომიკის სხვა სექტორებთან, ჩვენს ბუნებრივ და კულტურულ რესურსებსა და ეკოსისტემებთან; ასევე ეს არის შესაძლებლობა, რომ გავზომოთ და ვმართოთ ის უკეთესად, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარგებლის სამართლიანი გადანაწილება; ასევე განვავითაროთ ნახშირბადისგან ნეიტრალური, უფრო მოქნილი და ინკლუზიური ტურიზმის ეკონომიკა”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
თბილისის დეკლარაციაში შესული პუნქტები კი შემდეგია:
UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭო შეთანხმდა, რომ ტურიზმის მდგრადი აღდგენისთვის იმუშავებენ:
1. ადამიანებისთვის
– სამუშაო ადგილების მდგრადობით, განსაკურებით ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და თვითდასაქმებულებისთვის. ასევე არაფორმალურად დასაქმებულებისათვის და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერით.
– საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით სამოგზაურო პროცედურებთან დაკავშირებით, რათა არადისკრიმინაციული და უსაფრთხო მოგზაურობა იყოს წახალისებული.
– ერთიანი სამთავრობო მიდგომის წახალისებით ვერტიკალური კოორდინაციისა და ტურიზმის და სხვა სექტორების (ჯანდაცვის, ტრანსპორტის, საგარეო საქმეთა, ვაჭრობის, კულტურის) თანამშრომლობის გაძლიერებით.
– კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებით და მექანიზმებით, რომელიც მთლიან საზოგადოებას ჩართავს აღდგენის პროცესში.
– დასაქმებულების ჯანმრთელობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ტურიზმის ინდუსტრიაში, სამუშაო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფით და აღდგენის პროცესში ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების გარანტირებით.
– მოგზაურებში, დასაქმებულებსა და მასპინძელ საზოგადოებებში ნდობის აღდგენით გამჭვირვალე და ობიექტური ინფორმაციის უზრუნველყოფით, ასევე ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ადეკვატური პროტოკოლების განხორციელებით.
– განათლებისა და უნარების განვითარების წახალისებით, რათა გაიზარდოს ადამიანური კაპიტალის ღირებულება და სიმარჯვე.
2. პლანეტისთვის:
– უფრო მეტად ეფექტურ რესურსებზე გადასვლით და ნახშირბადისგან თავისუფალი ტურიზმის სექტორზე გადასვლით მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით.
– ტურიზმის სექტორის ოპერირების შედეგად გამონაბოლქვის მონიტორინგით და დეკარბონიზაციის დაჩქარებით.
– ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ტურიზმის მიმართულებით გარემოსდაცვითი საკითხების დაგეგმვის, მართვისა და მონიტორინგის პროცესში.
– ბიომრავალფეროვნების და კონსერვაციის მხარდაჭერით, ეროვნული და რეგიონული ტურიზმის წახალისებით, მათ შორის გასტრონომიული, სასოფლო, მთის, ბუნების, მემკვიდრეობის, სათავგადასავლო, საზღვაო და სანაპირო ტურიზმის, როგორც გამოცდილებების, რომელიც ადგილობრივ თემებს დამატებით ღირებულებას სძენს, იცავს გარემოს და ქმნის ადგილობრივ სარგებლებს.
– მდგრადი ტურიზმისა და ინფრასტრუქტურისთვის ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებულ გამოსავლებში ინვესტირებით, მათ შორის ენერგოეფექტურობაში, ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის კუთხით, რომელიც უფრო მდგრადი ტურისტული პრაქტიკების შესაძლებლობას იძლევა.
და
3. კეთილდღეობისთვის:
– ტურიზმის, როგორც მომსახურებით ვაჭრობის განხილვით სოციო-ეკონომიკური აღდგენის გეგმების პრიორიტეტებს შორის, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები.
– მეწარმეობისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის მასტიმულირებელი გარემოს შექმნით, განსაკუთრებული აქცენტით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებზე, ასევე თვითდასაქმებულ და არაფორმალურად დასაქმებულებზე, რათა შენარჩუნებული იქნეს არსებული სამუშაო ადგილები და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერა მოხდეს.
– ახალი უნარების, მათ შორის ციფრული უნარების განვითარებაში ინვესტირებით, არსებული და მომავალი პროფესიონალებისთვის ტურიზმის სექტორში.
– ტურიზმის ოპერირების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მაქსიმიზაციით და ციფრული წიგნიერების გაუმჯობესებით.
– ტურისტულ საწარმოებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელშეწყობით.
– სასოფლო ტურიზმის, როგორც სამუშაო ადგილების, სოციალური ჩართულობისა და რეგიონის განვითარების წყაროს, განვითარებითა და მდგრადობის ხელშეწყობით.
– ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებით.
– ეკონომიკური გავლენების გაზომვით და რეგულარული და დროული მონაცემების გენერირებით, რათა მხარდაჭერილ იქნეს მდგრადი გადაწყვეტილების მიღების პროცესი ტურიზმის სექტორში. მონაცემების, ინდიკატორებისა და სადაზვერვო სისტემების ჰარმონიზაციით და განვითარებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, რათა უკეთ მოხდეს ტურიზმის მართვა და გაზომვა.