დღეს, 7 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი იასპარეზებს. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირზე რამაზე ზოიძე და ლაშა გობაძე გამოვლენ, ძალოსნობაში კი შოთა მიშველიძეს ვიხილავთ.
რამაზ ზოიძე 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს და პირველ შეხვედრას ყირგიზეთის წარმომადგენელ ამანტურ ისმაილოვთან გამართავს. დაპირისპირება, სავარაუდოდ, თბილისის დროით 13:00 საათის შემდეგ დაიწყება.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირზე 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოვა ლაშა გობაძე, რომელსაც 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული. მისი მეტოქე ალჟირელი ბაშირ სიდ აზარაა. შეხვედრა, სავარაუდოდ, ჩვენი დროით 13:30 საათის შემდეგ გაიმართება.
ძალოსნობაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს შოთა მიშველიძე. გავრცელებული ინფორმაციით, შოთა მხრის ტრავმის გამო ტურნირზე სიმბოლურად გამოვა. კაცთა შორის ძალოსნობაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიის შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ამ დრომდე ოთხი მედალია – ერთი ოქრო (ლაშა ბექაური), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).