მიმდინარე კვირას ევროპასა და აშშ-ში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ელოდებიან ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩანიშნულია რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ევრო ჯგუფის, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის შეხვედრები. გარდა ამისა, მოსალოდნელია გარკვეული ტენდენციები გლობალურ ეკონომიკაში. გთავაზობთ მიმდინარე კვირას მოსალოდნელ მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს უფრო დეტალურად:
აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის შეხვედრა
მიმდინარე კვირას ელოდებიან, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შესახებ განცხადებას გააკეთებს. განცხადება პირველი იქნება აპრილში გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც სარეზერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკა “შათდაუნის“ ტვირთს ერთ წელზე მეტხანს იგრძნობს. საინტერესოა, რა განცხადებები გაკეთდება ამჯერად. ინვესტორები ფედერალური სარეზერვო სამსახურის შეხედულებებს ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებით მოუთმენლად ელიან.
ლაგარდის გამოსვლა, ევროზონის მონაცემები
დღეს მოსალოდნელია ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის გამოსვლაც, გამოსვლა ბუნებრივია იქნება ონლაინ. ის ევროპარლამენტის ეკონომიკური და მონეტარული საკითხების კომიტეტის წინაშე გამოვა. კანონმდებლებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები, მათ შორის ბონდების შესყიდვის შესახებ დაჩქარებულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.
ჩინეთის ვაჭრობა
ჩინეთის ვაჭრობის შესახებ გუშინ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე გლობალური მოთხოვნა ჯერ კიდევ სუსტია. ჩინეთის ექსპორტის მაჩვენებლები მაისში ისევ დაბალი იყო, შესაბამისად მოსალოდნელია რომ ჩინეთში აღნიშნული მონაცემები მიმდინარე წელს არ იქნება სახარბიელო. ინვესტორები ელოდებიან, მიმდინარე კვირას როგორ აისახება ეს მონაცემები საფონდო ბირჟებზე.
OPEC-ი და ნავთობი
OPEC-მა თავის ნავთობ მწარმოებელ მოკავშირეებთან ერთად რამდენიმე დღის წინ მიაღწია შეთანხმებას ნავთობის წარმოების შემცირების ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ, რათა გლობალური ნავთობ ბაზარზე ე.წ შავი ოქროს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი შეინარჩუნონ, რაც ბუნებრივია განსაზღვრავს მის ფასებსაც. აღსანიშნავია, რომ 1 მაისიდან ალიანსმა დღეში ნავთობის წარმოება 9.7 მილიონი ბარელით შეამცირა. შემცირების კვოტა 1 ივლისიდან დაიკლებს.
მიმდინარე კვირას კი გასული კვირის შეთანხმების გამო, ელოდებიან რომ ნავთობის ფასები კიდევ უფრო დასტაბილურდება. ამჟამად WTI-ის ტიპის ნავთობი 40.13 დოლარი ღირს, ხოლო „ბრენტის“ ნავთობი – 43.11 დოლარი.
ეკონომიკური მაჩვენებლები
მიმდინარე კვირას დაგეგმილი ევროჯგუფის და ასევე ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრები, შესაძლოა, დაეთმოს ბოლო ეკონომიკურ მაჩვენებლებს ევროკავშირის ტერიტორიაზე. მიმდინარე კვირას გერმანიასა და საფრანგეთში, რომლებიც ევროპული ბლოკის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია, გამოქვეყნდება აპრილის თვის იმპორტ-ექსპორტის მონაცემები, და ასევე სავაჭრო ბალანსი. გარდა ამისა, ევროზონაში ელოდებიან უმუშევრობის დონის პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებას, ხოლო იტალიაში ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებელი გახდება ცნობილი.
გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა, სავაჭრო ბალანსის აპრილის თვის მონაცემებს მიმდინარე კვირას გამოქვეყნებს რუსეთიც, ასევე დიდი ბრიტანეთი. სამხრეთ კორეა კი უმუშევრობის დონის მაისის თვის მონაცემებს გაასაჯაროვებს, სადაც ნაკლებად მოსალოდნელია დიდი ცვლილებები. საინტერესო იქნება ასევე დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და ბოლოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვის ოქროს წარმოების მაჩვენებელი. ამ მონაცემებით გაირკვევა ალბათ თუ რამდენად აისახა ოქროს მოპოვებაზე პანდემია სამხრეთ აფრიკაში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (48 285).