უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა. ჯგუფი უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობების წინადადებებს შეიმუშავებს.
საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან ერთად ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უხელმძღვანელებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ანდერი ერმაკმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ევროპის უსაფრთხოების პანელზე სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად, სათავეში ჩავუდგები საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს. ჯგუფის შექმნის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების საიმედო და ეფექტური გარანტიებისათვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა იქნება. საკონსულტაციო ჯგუფში უსაფრთხოების, პოლიტიკისა და დიპლომატიური სფეროს წამყვან სპეციალისტებსაც მოვიწვევთ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა.
ანდრეი ერმაკმა ღიად გამოხატა მოლოდინი, რომ უკრაინის მეგობარი სახელმწიფოები ინიციატივის ეფექტურად განხორციელებისათვის საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც შეძლებენ.