რატომ არჩევენ უცხოელები სუროგაცია/დონაციის სერვისის საქართველოში მიღებას?

რატომ არჩევენ უცხოელები სუროგაცია/დონაციის სერვისის საქართველოში მიღებას?

ჩვენ უცხოელს ვთავაზობთ ევროპულ მომსახურებას ქართული ფასებით, – ასე უპასუხა ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) დირექტორმა გიორგი არჩვაძემ Forbes Georgia-ს კითხვას – რატომ არჩევენ უცხოელები სუროგაცია/დონაციის სერვისის საქართველოში მიღებას?

„ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი უცხოელი პაციენტი ჩინეთიდანაა. ჩინეთში მეორე ბავშვის გაჩენაზე ადრე იყო შეზღუდვა, შემდეგ მოხსნეს. ახლა კი შვილის გაჩენის მსურველ ბევრ ჩინელს, ასაკის გამო, ხელოვნური განაყოფიერება სჭირდება. უცხოელი პაციენტების რაოდენობით მეორე ადგილზე ისრაელია“, – აღნიშნა არჩვაძემ.

კანონით ბევრ ქვეყანაში სუროგაცია/დონაცია აკრძალულია, მათ შორის – ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამერიკაში ამ მხრივ ყველაფერი დაშვებულია, მაგრამ ამ ქვეყანაში, არჩვაძის თქმით, მინიმუმ 150 000 დოლარი ჯდება ეს მომსახურება, მაშინ როდესაც აქ მაქსიმუმ 40 000 დოლარი ღირს. „ასე რომ, საქართველოში ამ სერვისების მისაღებად ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდანაც კი ჩამოდიან და ენდობიან ქართულ მედიცინას“, – ამბობს GGRC-ის დირექტორი.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნები უწევენ საქართველოს კონკურენციას ამ სერვისში, გიორგი არჩვაძე აღნიშნავს, რომ ესენი ძირითადად უკრაინა და რუსეთი არიან:

„ფასები ამ ქვეყნებში დაახლოებით იგივეა, რაც საქართველოში. რუსეთს მასშტაბები დიდი აქვს, მაგრამ იქ უცხოელებისთვის სუროგაციის დონაციის აკრძალვაზე საუბარი უკვე დაიწყო. ასე თუ მოხდა, მაშინ ჩვენთან უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი შემოსავლის წყაროა. სამედიცინო სერვისში გადახდილი თანხის გარდა, უცხოელი აქ ყოფნის პერიოდში ხარჯავს გარკვეულ თანხას, ასევე, ეს სერვისი მოქალაქეზეც აისახება, ამ შემთხვევაში სუროგატი დედის ანაზღაურება მაქვს მხედველობაში“.

არჩვაძე ასევე აღნიშნავს, რომ სუროგაცია/დონაციის მიმართულება მრავალმხრივ მომგებიანია ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, ვინაიდან წელიწადში საუბარია უცხოეთიდან მილიარდობით დოლარის შემოდინებაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *