რატომ ვერ იშოვა ტრამპმა ათობით მილიარდი დოლარი $TRUMP-დან?

რატომ ვერ იშოვა ტრამპმა ათობით მილიარდი დოლარი $TRUMP-დან?

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყნის რიგით 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა. რამდენიმე დღით ადრე, თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა საკუთარი კრიპტოვალუტა, მემკოინი $TRUMP-ი შექმნა და მიმოქცევაშიც ჩაუშვა. Solana-ს ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა, სახელწოდებით $MELANIA, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმაც შექმნა.

კრიპტოვალუტის მიმოქცევაში ჩაშვებიდან მალევე, გამოცემები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, თუ რამდენი მილიარდის გამომუშავებას შეძლებდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მისივე შექმნილი კრიპტოვალუტიდან. თუმცა რეალურად, ინაუგურაციის დღის შემდეგ, მათ შორის არც კრიპტოვალუტა $TRUMP-ის გავლენით, ტრამპის ქონება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ოფიციალური სახელწოდებით Official Trump-ის ტოკენის, შესაბამისად $TRUMP-ის გაშვების შესახებ მილიარდერმა პარასკევ საღამოს განაცხადა. განცხადების გაკეთებიდან დაახლოებით 36 საათის გასვლის შემდეგ ერთი მონეტის ღირებულება 1,100%-ით, $6-დან $75-მდე გაიზარდა, შემდეგ კი, შედარებით შემცირდა. Coin Market Cap-ის ბოლო შეფასებით, ერთი მონეტის ღირებულება ამჟამად $37-ს აჭარბებს.

Official Trump-ის ვებგვერდზე $TRUMP-ის კოლექტიური 80%-ის მფლობელთა შორის ორი სუბიექტი – CIC Digital LLC, Trump Organization-ის შვილობილი კომპანია და ახლახან დაარსებული Fight Fight Fight LLC-ია მითითებული.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი ახალი კრიპტოვალუტის მთლიან წილს ფლობს, იმის განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, $TRUMP-ის მონეტის ღირებულების პიკში გაუთვალისწინებელი მოგების სახით $58 მილიარდი გამოიმუშავა, მცდარია. ეს რიცხვები არასწორ დაანგარიშებას ეყრდნობოდა, სახელწოდებით „სრულად განზავებული შეფასება“, რომელიც $TRUMP-ის ღირებულებას მათ შორის მონეტების იმ რაოდენობაზეც ამრავლებს, რომლებიც სამომავლოდ შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს, თუმცა ამჟამად ბრუნვაში ჩაშვებული არაა.

ამ გაანგარიშებით, $TRUMP-ის არსებული 200 მილიონი ტოკენი და მისი პოტენციური რაოდენობაც – 800 მილიონი ტოკენის სახით – ერთსა და იმავე ღირებულებაში ითვლება, რაც არასწორია. ჩვეულებრივ, როცა მეტი ტოკენი ან აქცია იქმნება, თითოეულის ღირებულება იკლებს, რადგან მიწოდება იზრდება. ამასთან ერთად დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს 800 მილიონი ტოკენი მიმოქცევაში აუცილებლად ჩაეშვება და არც ისაა ცნობილი, აქედან ზუსტად რა ნაწილს ფლობს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი.

ოდნავ უფრო გონივრული მეტრიკა საბაზრო კაპიტალიზაციას ეფუძნება, რომელიც $TRUMP-ის ღირებულებას ახლა ხელმისაწვდომი მონეტების რაოდენობაზე ამრავლებს. ამ გამოთვლით, ახალი კრიპტოვალუტის დაახლოებით 80%-იანი წილი $6.2 მილიარდი იქნება. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც, Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ქონება. თუმცა მსგავსი შეფასებაც საეჭვოა იმის გათვალისწინებით, რომ ის ეფუძნება მიწოდებას, რომელიც ჯერ ბაზარზე არ არის.

მემკოინი $TRUMP-ის მონეტების ფლობის გარეშე, Forbes-ის შეფასებით, ტრამპის სიმდიდრე $6 მილიარდს აღწევს, რომლის ძირითადი ნაწილი Trump Media & Technology Group-სა და უძრავ ქონებაზე მოდის.