უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა და საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციას არაერთი მკაცრი სანქცია დაუწესა. გარდა ამისა, 400-მდე საერთაშორისო კომპანიამ ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება – პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა ქვეყნის ბაზარი ან მნიშვნელოვნად შეეზღუდა ოპერაციები.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკული რესტორნების ქსელის McDonald’s-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელმაც რუსეთში 850-მდე რესტორანი დახურა.
უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწრაფი კვების რესტორნების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი Burger King-ი მოექცა, რომელსაც სხვა კონკურენტი კომპანიების მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს და რუსეთის ბაზარი ჯერაც არ დაუტოვებია.
Burger King-ის საერთაშორისო წარმომადგენლობის განმარტებით, კომპანია რუსეთის ბაზარს ვერ ტოვებს, რადგან მას არ აქვს ფრენშაიზის პირობების ცალმხრივად გაწყვეტისა და რუსეთში არსებული 800-მდე რესტორნის დახურვის უფლება.
გარდა ამისა, რუსეთში Burger King-ის რესტორნების ქსელის ოპერატორი და მმართველი პარტნიორი, ალექსანდრ კოლობოვი უარს აცხადებს რესტორნების დახურვაზე და საქმიანობის შეზღუდვაზე. კოლობოვის თქმით, ქსელი 25 000-მდე თანამშრომელს ასაქმებს და მისი დახურვის გადაწყვეტილება თავად ადგილობრივი ქსელის მმართველმა პარტნიორებმა უნდა მიიღონ.
Burger King-ის მშობელი კომპანიის RBI-ის განმარტებით, საერთაშორისო ქსელმა რუსულ ფრენშაიზს მარკეტინგული კამპანია და მარაგების მიწოდება უკვე შეუწყვიტა, თუმცა რესტორნების დახურვის მოთხოვნაზე RBI-მ კოლობოვისგან კატეგორიული უარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ RBI რუსული Burger King-ის ქსელის 15%-იან წილს ფლობს. საერთაშორისო კომპანია კი პირობას დებს, რომ აღნიშნული წილიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, RBI-ის მიერ დასახელებული არგუმენტები არასერიოზულია და მხოლოდ თავის გამართლებას ემსახურება, რადგან კანონების და ხელშეკრულებების დარღვევა იმ საერთაშორისო კომპანიებსაც მოუწიათ, რომლებმაც უარი თქვეს რუსულ ბაზარზე დარჩენაზე – აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეფრი სონენფელდიც.