Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, Snickers-ის და M&M’s-ის მწარმოებელი Mars-ი Pringles-ის მწარმოებელ Kellanova-ს $30 მილიარდად შეისყიდის. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, Mars-ი თითოეულ აქციაში Kellanova-ს $83.50-ს გადაუხდის, შეთანხმება კი რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.
პოტენციურ შეთანხმებაზე ინფორმაციის გავრცელების დღეს, Mars-ის შეთავაზება Kellanova-ს საბაზრო კაპიტალიზაციას 33%-ით აღემატებოდა. დღეს კი სავაჭრო დღის დაწყებამდე საფონდო ბირჟაზე Kellanova-ს აქციების ღირებულება 8%-ით გაიზარდა და $80.54 შეადგინა.
ცნობისათვის, ბოლო დროს აშშ-ის ბაზარზე სურსათის კომპანიების, Kraft Heinz-ის, Mondelez-ისა და Hershey-ს გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი ძირითადად მომხმარებლების მიერ უფრო დაბალბიუჯეტურ ალტერნატივაზე არჩევანის შეჩერება გახლავთ.
Kellanova-ს პოტენციური შესყიდვა Mars-ისთვის ისტორიაში ყველაზე დიდი შესყიდვა იქნება. აქამდე კომპანიის ყველაზე დიდი შერწყმა 2008 წელს საღეჭი რეზინების მწარმოებელი Wrigley-ს $23 მილიარდად შესყიდვა გახლდათ.
იურისტების მოსაზრებით, კომპანიების შერწყმას მარეგულირებლებისაგან დიდი წინააღმდეგობა არ მოჰყვება, რადგან სამართლიანი კონკურენციის პრინციპები არ ირღვევა. თუმცა ამაზე ინფორმაცია პოტენციური შეთანხმების გაოფიციალურების შემდეგ გაირკვევა.