რობერტ პატინსონის „ბეტმენის“ შემოსავალი $750-მილიონიან ნიშნულს უახლოვდება

რობერტ პატინსონის „ბეტმენის“ შემოსავალი $750-მილიონიან ნიშნულს უახლოვდება

რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებულმა „ბეტმენმა“, რომელზეც ამერიკელმა რეჟისორმა, მეტ რივზმა იმუშავა, გასულ კვირას დამატებით $13 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, ფილმის საერთო შემოსავალი $737 მილიონს აჭარბებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კინოსურათის HBO Max-ზე განთავსებამდე კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საერთო ჯამში, ფილმის შემოსავალი $750 მილიონს გადასცდება.

ამერიკის ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის მიმდინარე სიაში ადგილი „ბეტმენმა” გასულ კვირასაც შეინარჩუნა, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, გასული ექვსი კვირა ფილმისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ HBO Max-ი მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ხელმისაწვდომი არ არის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ბეტმენის“ საერთაშორისო ვოიაჟი ჯერ არ დასრულებულა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, ჩინეთში, იქ მძვინვარე პანდემიისა და ლოკდაუნების ფონზე, „ბეტმენმა“ მაინცდამაინც კარგი შედეგები ვერ დააფიქსირა. თუმცა, სხვა მხრივ, „ბეტმენის“ გამოსვლა პანდემიის გლობალურ დაღმავლობას და რეგულაციების შემსუბუქებას დაემთხვა, რაც ფილმისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო აღმოჩნდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ DC-ისა და Warner Bros.-ის ბოლოდროინდელი კოლაბორაციების ფონზე, The Batman-ი ფინანსურად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომელსაც ზრდის პერსპექტივაც აქვს. ამ კონტექსტში, აუცილებელია გავიხსენოთ „ბეტმენის“ 2005 წლის ეკრანიზაცია, რომელზეც კრისტოფერ ნოლანმა იმუშავა – თავის დროზე, ამ ფილმმა $373 მილიონი მიიღო შემოსავლის სახით, რამაც 2008 წლის ძალიან წარმატებულ The Dark Knight-ს დაუდო სათავე – ამ უკანასკნელმა, შემოსავლის სახით $1 მილიარდზე მეტი მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *