iPhone 16 სერიის გამოსვლის ოფიციალური თარიღი დადასტურებასთან ძალიან ახლოსაა. სანდო წყაროების, მათ შორის Bloomberg-ისა და Tech Radar-ის ცნობით, ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ის ახალ ხაზს მიმდინარე წლის 10 სექტემბერს წარადგენს.
გამოცემების მიერ დასახელებული თარიღი iPhone-ების ღონისძიებების გამართვის ტრადიციულ პერიოდსაც ემთხვევა. როგორც წესი, კომპანია სამშაბათ ან ოთხშაბათ დღეს ირჩევს ხოლმე. წელს, ოთხშაბათს 11 სექტემბერი ემთხვევა, Apple-ი კი ტრაგიკულ ისტორიულ თარიღებს, საზოგადოების მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში თავს არიდებს. აქედან გამომდინარე, წყაროთა ვარაუდით, მიმდინარე წელს ამერიკული გიგანტი არჩევანს სამშაბათ დღეზე – 10 სექტემბერზე შეაჩერებს.
თუ ვარაუდები გამართლდა, Apple-ის ახალი პროდუქტების წარდგენის შემდეგ, წინასწარი შეკვეთების შესაძლებლობა მომხმარებელს სავარაუდოდ 13 სექტემბრიდან ექნება. Apple-ის მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ iPhone 16 სერია თაროებზე უკვე 20 სექტემბერს გამოჩნდება.
წყაროების ინფორმაციით, ახალ სერიაში, Apple-ი გარკვეული მოდელებისთვის საწყის ფასსაც შეინარჩუნებს. გამოცემების თანახმად, iPhone 16 Pro Max-ის ღირებულება $1,199 იქნება – ზუსტად იმდენი, რამდენიც Apple-ის ბოლო მოდელი, iPhone 15 Pro Max-ი ღირს.
წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა Apple Intelligence-ის დანერგვაა – ახალი ფუნქცია, რომელიც iPhone 16-ის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მიუხედავად მოლოდინებისა, კომპანიას Apple Intelligence-ის გამოშვება ჯერ არ დაუდასტურებია და როგორც სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან, ეს ფუნქცია ამ ეტაპზე შესაძლოა გასაშვებად მზად არაა.
გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის აღნიშნული სერვისის სმარტფონებში ინტეგრირებისთვის, სავარაუდოდ, მომხმარებლებს iOS 18.1-ის განახლება დასჭირდებათ, რომელიც ოქტომბერში გამოვა. Apple Intelligence-ი ხელმისაწვდომი შემდეგი მოდელებისათვის იქნება: iPhone 15 Pro, iPhone 15 Pro Max და M1 ჩიპის მქონე iPad და Mac-ები.
ვარაუდების მიუხედავად, iPhone-ების ახალი სერიის გამოშვების თარიღი Apple-ს თავად ჯერ არ დაუდასტურებია. ახალი სმარტფონის შესახებ ძირითადი დეტალებიც – მათ შორის შესაძლებლობები და დიზაინი – ამ ეტაპისთვის უცნობია.