როგორ აპირებს ევროკავშირი „გადაიარაღების გეგმისთვის“ €800 მილიარდის მობილიზებას?

როგორ აპირებს ევროკავშირი „გადაიარაღების გეგმისთვის“ €800 მილიარდის მობილიზებას?

ევროკავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ევროპის გადაიარაღების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს. „გადაიარაღების გეგმისთვის“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 800 მილიარდი ევროს მობილიზებაა დაგეგმილი, რომლის დიდი წილიც სამხედრო შეიარაღების წარმოებაზე დაიხარჯება.

ევროკავშირის „გადაიარაღების გეგმა“ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებასაც ითვალისწინებს, რათა რუსული აგრესიის ევროკავშირის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენცია მოხდეს. ევროკომისია აღნიშნული გეგმისათვის საჭირო ფინანსების მობილიზების გზებს განიხილავს. უწყების გეგმით, საწყისი 150 მილიარდი ევროს მობილიზება  შესაძლოა სესხის სახით მოხდეს, დანარჩენი წილი კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე შეგროვდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს საშუალოდ მშპ-ის 1.5%-ით გაზრდიან, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 650 მილიარდი ევროს მობილიზება სავსებით რეალისტური პერსპექტივაა. დარჩენილი 150 მილიარდი ევრო კი, როგორც აღინიშნა, კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სესხის სახით მობილიზდება.

საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდისაკენ ევროკავშირს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის იზოლაციონისტურმა პოზიციამ უბიძგა. უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო და ფინანსური დახმარების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ახალი, ევროპული სამხედრო თანამშრომლობის ფორმატის შექმნის აუცილებლობაზეც ალაპარაკდნენ. ევროკავშირის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში რამდენიმე კონფიგურაციას განიხილავენ, რომლის ნაწილად საქართველო და სომხეთიც მოიაზრება. თუმცა რა პერსპექტივა ექნება საერთო-ევროპულ სამხედრო ალიანსს, ეს მომდევნო თვეების განმავლობაში გამოჩნდება.