როგორი გეგმა წარუდგინა გაერომ ილონ მასკს

როგორი გეგმა წარუდგინა გაერომ ილონ მასკს

გაეროს მსოფლიო  სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის საპასუხოდ $6.6-მილიარდიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მას მსოფლიოში შიმშილის პრობლემის დაძლევის გზებს სთავაზობს. ილონ მასკი ამტკიცებდა, რომ ის გაყიდდა Tesla-ს აქციებს, თუ WFP  ამ პრობლემის მოგვარების დამაჯერებელი გეგმის წარდგენას შეძლებდა.

გაეროს სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბიზლიმ ტვიტერზე 1000-სიტყვიანი რეზიუმე გამოაქვეყნა. ამ გეგმის მიხედვით, შიმშილობის ზღვარზე მყოფ 40 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 43 ქვეყანაში ვაუჩერები დაურიგდებათ, რაც თავიდან აგვარიდებს მოსალოდნელ კატასტროფას.

გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, $6.6 მილიარდიდან $3.5 მილიარდი უშუალოდ სურსათის შეძენისა და მიწოდებისათვის დაიხარჯება, $2 მილიარდი ნაღდი ფულისა და საკვები ვაუჩერების სახით გადაეცემათ ადამიანებს იმ ადგილებში, სადაც ბაზრები მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებს, $700 მილიონი კვების პროგრამების მართვისათვის დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნების შიდა პირობებთან იქნება ადაპტირებული, ხოლო დამატებით $400 მილიონი ოპერაციული მენეჯმენტის, ადმინისტრაციისა და მიწოდების ჯაჭვის კოორდინირებისათვის დაიხარჯება.

„სამყარო იწვის. შიმშილის ეს უპრეცედენტო კრიზისი გადაუდებლად და აუცილებლად დასამარცხებელია“,– დაწერა ბიზლიმ და ასე უპასუხა  მასკს, რომელიც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და რომლის ქონება დაახლოებით $280 მილიარდია:  „თქვენ ითხოვეთ მკაფიო გეგმა და აი ისიც. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ თქვენთან, და ნებისმიერ სხვასთან, ვისთვისაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მნიშვნელოვანია“.

მასკისა და ბიზლის „დაპირისპირება“ გასულ თვეში CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიზლის კომენტარით დაიწყო. მან განაცხადა, რომ $6 მილიარდს, ანუ მასკის წმინდა ქონების 2%–ს, შეუძლია მსოფლიოს სიღარიბის პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს.

საპასუხოდ მასკმა Twitter-ზე დაწერა: „თუ WFP ზუსტად აღწერს, თუ როგორ გადაჭრის $6 მილიარდი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას, მე Tesla–ს აქციებს მაშინვე გავყიდი და გავაკეთებ ამას, მაგრამ ეს უნდა იყოს საჯარო, საზოგადოება ზუსტად უნდა ხედავდეს,  თუ როგორ იხარჯება ფული“.

ბიზლიმ ილონ მასკს მალევე უპასუხა და აღნიშნა, რომ პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება მაქსიმალური საჯაროობისა  და გამჭვირვალობის პრინციპები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *