2021 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 124 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 219 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 80 ლარი შეადგინა. ამის შესახებ PMCG Research-ის მარტის თვის მიმოხილვაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, სასტუმროს ფასების ინდექსის მიხდვით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 332 ლარი შეადგინა.
რეგიონების მიხედვით, გურიაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი მარტში 587 ლარი იყო, თბილისში – 436 ლარი, აჭარაში – 295 ლარი, ხოლო კახეთში – 293 ლარი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა. მათ შორის 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%-ით გაიზარდა.
2019 წლის მარტთან შედარებით კი 2021 წლის მარტში, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ითაა შემცირებული. მათ შორის 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.7%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.7%-ით.
რაც შეეხება 2020 წლის მარტთან შედარებას, სასტუმროს ფასების ინდექსი წელს 8.1%-ითაა გაზრდილი.