როგორია ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა პანდემიის პირობებში?

როგორია ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა პანდემიის პირობებში?

2020 წლის 6 თვის განმავლობაში ბათუმის პორტის ტვირთბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ბათუმის ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა მეირამხან ადილხანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ძირითად საქმიანობას დატვირთვა- გადმოტვირთვის სამუშაოები წარმოადგენს და ეს საქმიანობა Covid-19-ის გლობალური პანდემიის პერიოდშიც კი შეფერხებების გარეშე წარმოებს.

რაც შეეხება ნავსადგურის მუშაობის რეჟიმს და პროცედურებს, ადილხანოვის თქმით, უცხო გემებზე მყოფ და ბათუმის ნავსადგურში შემოსულ ყველა მოქალაქეს ხვდება საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საკარანტინო სამსახური, რომელიც ამოწმებს ეკიპაჟის წევრთა მდგომარეობას და საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ისინი გადაჰყავთ საკარანტინო ზონაში, აგრეთვე იღებენ გადაწყვეტილებას გემებისთვის საზღვრის გაღების/ დაკეტვის შესახებ.

ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა სამგზავრო ტერმინალის მუშაობაზეც, რომლის გამტარუნარიანობა დაახლოებით 180 000 მგზავრს შეადგენს წელიწადში. თუმცა, გასულ წელს ტერმინალით მხოლოდ 27 832 მგზავრმა ისარგებლა.

ჩვენი სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა ახლოსაც ვერ მიდის ფაქტობრივ გადაზიდვებთან. მოგეხსენებათ, ტერმინალი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს, სადაც მოქალაქეებს ერთი სახელმწიფოს შიგნით საკრუიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ეძლეოდათ. ეს იყო აწყობილი სქემა და სამგზავრო ნაკადის მოზიდვა არ წარმოადგენდა სირთულეს. იმ წლებში ნავსადგურში ყოველდღე შემოდიოდა ერთი ან ორი ლაინერი.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკის საბაზრო მოდელზე გადასვლის შემდეგ ეს სექტორი დაიშალა“, – აღნიშნა ადილხანოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა საკრუიზო ბიზნესის დაინტერესება იმით, რომ ხმელთაშუა ზღვის კრუიზებს დაემატოს შავის ზღვის ნავსადგურები, თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით ასეთი დაინტერესება არ ვლინდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *