როგორია სტიმულირების პაკეტები მეზობელ და ბალტიის ქვეყნებში – EPRC-ის მიმოხილვა

როგორია სტიმულირების პაკეტები მეზობელ და ბალტიის ქვეყნებში – EPRC-ის მიმოხილვა

როგორია სტიმულირების პაკეტები მეზობელ და ბალტიის ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის. ამის შესახებ მცირე მიმოხილვა მოამზადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC). გთავაზობთ მას სრულად:

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკის და მეწარმეობის სტიმულირება მოეხდინა 2.5 მლრდ. მანათით (დაახლოებით $1.5 მლდრ.) რაც მშპ-ს 3%-ს უტოლდება. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც.

საკრედიტო გარანტიების პროგრამა მიიღებს 0.5 მლრდ. მანათს ($0.3 მლრდ.) ახალი სესხების მომსახურებისთვის. არსებული სესხებისათვის კი დამატებით 1 მლრდ. მანათს ($0.6 მლრდ.). სუბსიდირებას გაუწევს არსებული (10%) და ახალი სესხების (7%) საპროცენტო განაკვეთს.

ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, დაახლოებით 600,000 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. ისინი მთლიანად ორი თვის მანძილზე მიიღებენ $224.5-ს, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.

საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორებში მუშაობენ. დღგ-სგან გათავისუფლდა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები. დაზარალებული მიკრო მეწარმეები ქონებისა და მიწის გადასახადს არ გადაიხდიან.

სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მიიღებენ დაფინანსებას სწავლის გასაგრძელებლად.  

თურქეთი

კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ გამოაცხადა 100 მლრდ. თურქული ლირას ოდენობის დახმარების/სტიმულირების პაკეტი (დაახლოებით $15.4 მლრდ./ მშპ-ს 2%).

75 მლრდ. ლირა ($11.5 მლრდ/ მშპ-ს 1.5%) დაიხარჯება ფისკალურ ზომებზე, ხოლო 25 მლრდ ლირა ($3.8 მლრდ/მშპ-ს 0.5%) გადაეცემა საკრედიტო გარანტიების ფონდს.

სახელმწიფო, სამი თვის მანძილზე, ანაზღაურების 60%-ს გაუსტუმრებს იმ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტეს. მოკლევადიან დახმარებაზე 2 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა. მთავრობა გაისტუმრებს ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულებასაც.

დაახლოებით 2 მილიონ გადამხდელს გადაუვადდა დღგ ექვსი თვით. საშემოსავლო გადასახადი გადავადდა ფორს-მაჟორული გარემოებებით დაზარალებული და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეთათვის.

ბანკებმა სამი თვით გადაუვადეს ძირისა და საპროცენტო ინტერესის გადასახადები კომპანიებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები შეექმნათ პანდემიის შედეგად.

სომხეთი

ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელშიც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის შედეგად.

მეწარმეებს, კარგი საკრედიტო ისტორიით, ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსების, სუბსიდირების და რეფინანსირების სესხები მომგებიანი პირობებით. სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250 მლნ. დრამს ($521,000), საპროცენტო განაკვთი კი 6%-ს.

კომპანიები, რომელთაც ჰყავთ 2-დან 50-მდე დასაქმებული, მიიღებენ ერთჯერად გრანტს ყოველი მეხუთე დასაქმებულის ანაზღაურების მოცულობით. ერთჯერად გრანტს მიიღებენ მიკრო მეწარმეებიც, პირველ კვარტალში კომპანიის ბრუნვის 10%-ის მოცულობით.

მცირე და საშუალო საწარმოებს ექნებათ წვდომა სესხზე 50 მლნ. დრამის ოდენობით. სესხის მოცულობა განისაზღვრება ბიზნესის კაპიტალის ბრუნვით. სესხის ხანგრძლივობა არის 36 თვემდე, მსესხებელი გადახდას იწყებს 6 თვე შემდეგ.

ერთჯერად, 50% და 30%-იან, შეღავათს მიიღებენ მოქალაქეები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადზე. შეღავათის ზომა განისაზღვრება აბონენტის თებერვლის თვის კომუნალური დანახარჯებით.

ესტონეთი

ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის კრიზისული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს დახმარების პაკეტს 2 მლრდ. ევროს მოცულობით (მშპ-ს 7%).

€1 მლრდ. გაცემული ბიზნეს სესხების შემსუბუქებას მოხმარდება. €500 მლნ. მოხმარდება ბიზნეს სესხებს, მიმდინარე კაპიტალის ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად. €50 მლნ. გამოყოფილია საინვესტიციო სესხების სახით.

უმუშევართა დაზღვევის ფონდი მიიღებს €250 მლნ-ს. კომპენსაციები გათვლილია დაზარალებული კომპანიებისა და მათში დასაქმებულთათვის. დაზარალებული თანამშრომლები მიიღებენ კომპენსაციას €1000-მდე, ანაზღაურების 70%-ს.

სტიმულირების პაკეტი საგადასახადო შეღავათებსაც ითვალისწინებს. შემსუბუქდება წინასწარი საგადასახადო შენატანები თვითდასაქმებულთათვის. ასევე, ორი თვით გაუქმდება საპროცენტო ინტერესი საბაჟო და საშემოსავლო დავალიანებებზე.

ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ კულტურული და სპორტული ღონისძიებები რომლებიც გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის შედეგად. ამისათვის გამოყოფილია €3 მლნ.

ლატვია

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი €2 მლრდ. მოცულობით (მშპ-ს 7%), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესებისა და დასაქმებულთა ხელშეწყობას, საგადასახადო შეღავათებს და სახელმწიფო გარანტიებს სესხებისათვის.

ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომია €900 მლნ. €200 მლნ. დაზარალებული ბიზნესების სესხების დაფინანსებას მოხმარდება და €700 მლნ. სახელმწიფო გარანტიების სქემებზე დაიხარჯება.

პაკეტი მიზნად ისახავს დაზარალებული სექტორებისათვის ზიანის შემსუბუქებას. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, ასეთ სექტორებში დასაქმებულთა ანაზღაურების 75%-მდე (€700-მდე) დაფაროს. ანაზღაურება არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

კომპანიები, რომლებიც ვერ ახერხებენ გადასახადების გადახდას, შეძლებენ მათ გადავადებას 3 წლის ვადით, ყველანაირი ჯარიმის და დამატებითი გადასახადის გარეშე.

€8 მლნ. გამოიყო, სამი თვით 4500 “წინა ხაზის“ სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების გასაზრდელად, €2 მლნ-ს მიიღებს მასმედია, €45 მლნ. მოხმარდება სოფლის მეურნეობის სექტორს, €75 მლნ. – გზების მშენებლობას.

ლიეტუვა

ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა €2.5 მლრდ. (მშპ-ს 5%) მოცულობის ფისკალური დახმარების პაკეტი. პაკეტში, პირდაპირი დანახარჯები დაახლოებით €1.1 მლრდ-ს (მშპ-ს 2.3%) უტოლდება, დარჩენილი €1.3 მლრდ. (მშპ-ს 2.6%) გარანტიებსა და სესხების მომსახურებას მოხმარდება.

ხელისუფლება იღებს ვალდებულებას გაისტუმროს დასაქმებულთა ანაზღაურების 60% (დაახლოებით €607-მდე). უფრო მაღალი პროცენტი აუნაზღაურდებათ კომპანიებს ისეთი სექტორებიდან, რომელთაც პირდაპირი ზიანი მიიღეს დაწესებული შეზღუდვებით.

საშუალო და დიდი ზომის საწარმოთა ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად, პირდაპირი სესხებისა და ინვესტიციების სახით, გამოყოფილია €100 მლნ.

მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საპროცენტო განაკვეთის კომპენსირებისათვის გადავადებულ სესხებზე გამოყოფილია €23 მლნ. დამატებით, მათ აქვთ წვდომა რბილ სესხებზე €50 000 მოცულობით. სესხების გასაცემად ლიეტუვას მთავრობამ €50 მლნ. გამოათავისუფლა.

მთავრობა ქირის გადასახადის 50%-იან სუბსიდირებას გაუწევს ბიზნესებს, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს გამოცხადებული შეზღუდვების შედეგად. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სივრცის მეპატრონე ქირას 30%-ით შეამცირებს.