Rolls-Royce-მა ატომური წყალქვეშა ნავების რეაქტორების დასამზადებლად $11-მლრდიანი კონტრაქტი მოიპოვა

Rolls-Royce-მა ატომური წყალქვეშა ნავების რეაქტორების დასამზადებლად $11-მლრდიანი კონტრაქტი მოიპოვა

მანქანა-დანადგარების, ავტომობილების, თვითმფრინავის ძრავებისა და სხვა საინჟინრო მოწყობილობების მწარმოებელმა Rolls-Royce-მა ბრიტანეთის მთავრობის $11-მილიარდიანი კონტრაქტი მოიპოვა, რომლის თანახმადაც ის ბრიტანეთის საზღვაო ძალებისთვის ატომური წყალქვეშა ნავების ბირთვულ რეაქტორებს დააპროექტებს, აწარმოებს და შემდეგ მომსახურების სერვისს გაუწევს. აღნიშნული კონტრაქტი Rolls-Royce-მა დიდი ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების მთლიან ფლოტზე მიიღო.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, Rolls-Royce-თან გაფორმებული 8-წლიანი ხელშეკრულება სამეფო ფლოტის ზღვაზე შეკავების პოლიტიკას ერთმნიშვნელოვნად გააძლიერებს. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალების შეკავების პოლიტიკის თანახმად, საზღვაო პატრულირებას მინიმუმ ერთი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავი მუდმივად უნდა ეწეოდეს. გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, აღნიშნული კონტრაქტი დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და ავსტრალიას შორის დადებულ AUKUS-ის თავდაცვის პაქტსაც გააძლიერებს.

Rolls-Royce-თან გაფორმებული ხელშეკრულების სახელწოდება „ერთობაა“ და ის შინაარსით წინა მსგავსი კონტრაქტების გაგრძელებაა. სიახლე კი ის გახლავთ, რომ ახალი ხელშეკრულებით უფრო დანახარჯეფექტიანი წარმოება წახალისდება და Dreadnought-ის კლასის ატომური წყალქვეშა ნავების ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო 8 წლის განმავლობაში შეიქმნება 1,000 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო 4,000-ის არსებული პოზიცია შენარჩუნდება.