The Economist-მა პოლიტიკოსთა განათლების დონის მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი წარმოადგინა. გამოცემამ რეიტინგი 2023 წლის დასასრულს გამოქვეყნებულ ორ კვლევაზე დაყრდნობით შეადგინა. სტატიის დასაწყისში, რომელიც ჩამონათვალს უძღვის წინ, The Economist-ი ორ ძირითადად მონაცემზე ამახვილებს ყურადღებას – დღეს არჩეულ კანონმდებელთა საშუალო ასაკი 51 წელს უტოლდება, მათ შორის კი ქალთა რიცხვი მხოლოდ 27%-ია.
გამოცემის მიერ რეიტინგის შესადგენად გამოყენებული პირველი კვლევა ექვსი უნივერსიტეტის მკვლევართა მიერაა ჩატარებული და მოიცავს 2015-დან 2017 წლამდე პერიოდის, 97 ქვეყნის 20,000-მდე პოლიტიკოსის ბიოგრაფიულ ინფორმაციას. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიტიკოსთა უმრავლესობას, საშუალოდ 78%-ს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი აქვს, ხოლო 40%-ს – მაგისტრის.
ეს ბევრად მაღალია, ვიდრე ზრდასრული მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მხოლოდ 35%-ს აქვს ბაკალავრის, ხოლო 15%-ს – მაგისტრის ხარისხი. ქვემოთ მოყვანილი რეიტინგი მოიცავს 56 ქვეყანას, სულ მცირე 2-მილიონიანი მოსახლეობით და კანონმდებლების მინიმუმ 90%-ის მონაცემებს.
მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მქონე ყველაზე მეტი პოლიტიკოსი უკრაინას ჰყავს. მონაცემების შეგროვებისას, უკრაინელ პოლიტიკოსთა თითქმის მეოთხედს ჰქონდა დოქტორის ხარისხი. მათ შორის, დოქტორის ხარისხი ჰქონდა უკრაინის ყველა პრეზიდენტს, 1991 წლის შემდეგ, გარდა ვოლოდიმირ ზელენსკისა.
დოქტორის ხარისხის მქონე პოლიტიკოსთა წილი მაღალია სამხრეთ კორეაშიც, სადაც კანონმდებელთა თითქმის მესამედს აქვს PhD, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი ორ მესამედზე მეტია. შედარებისთვის, იტალიაში, ნორვეგიასა და ბრიტანეთში, საკმაოდ ბევრ კანონმდებელს აქვს მხოლოდ საშუალო სკოლის განათლება. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის სპიკერ სერ ლინდსი ჰოილის უნივერსიტეტში განათლება არ მიუღია, მსგავსად ლუიჯი დი მაიოსა და მატეო სალვინის.
საინტერესოა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა წილი მაღალია პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკოსთა შორის.
მეორე კვლევა, რომელიც 2023 წელს ჩილეში მომუშავე მკვლევრების მიერ ჩატარდა, ჯამში 30 ქვეყნის 6,000 კანონმდებელთა ინფორმაციას აერთიანებს. კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, პოლიტიკოსთა უმრავლესობას სამართლის დიპლომი აქვს. ხოლო სკანდინავიის ქვეყნების უმეტესობაში – სოციალური მეცნიერებების, ასევე ეკონომიკური და ბიზნესმიმართულებების. გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკოსთა შორის ჭარბობს ჰუმანიტარული მეცნიერებების, მათ შორის ისტორიის მიმართულების კურსდამთავრებულთა რაოდენობა.
The Economist-ი ყურადღებას 2015 წელს ჩატარებულ კვლევაზეც ამახვილებს, რომელიც მეოცე საუკუნეში, აშშ-ის კონგრესში მოღვაწე პოლიტიკოსების განათლების ხარისხს აანალიზებს. კვლევის თანახმად, კოლეჯის დიპლომის მქონე კონგრესმენები, ოფისში უფრო დიდხანს არ რჩებოდნენ და არც ხელახლა აურჩევიათ უფრო მეტჯერ, ვიდრე კოლეჯის დიპლომის არმქონე პოლიტიკოსები. ხოლო ესპანეთში ჩატარებულმა შედარებით ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოლეჯდამთავრებული მერები უმუშევრობის შემცირებასა და ბიუჯეტის ბალანსირებაში იმაზე წარმატებული არ ყოფილან, ვიდრე ხარისხის არმქონე მერები.
აღსანიშნავია, რომ გამოცემის თანახმად, გლობალურად, უმაღლესი განათლების პოლიტიკოსები არჩევნებს იგივე პროცენტულობით აგებენ, როგორც კანდიდატები, რომლებსაც შედარებით დაბალი ხარისხის განათლება აქვთ.
წარმოგიდგენთ ქვეყნების ათეულს, რომელთაც ყველაზე განათლებული პოლიტიკოსები ჰყავს (2015-2017 წწ.):