რომელ უწყებებს ეზრდებათ დაფინანსება 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებით

რომელ უწყებებს ეზრდებათ დაფინანსება 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებით

მთავრობამ პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა. ცვლილების მიხედვით ბიუჯეტის შემოსავლები 207 მლნ ლარით იზრდება. შემოსავლების მატებას ძირითადად დამეტებული ღირებულების გადასახადიდან მისაღები შემოსავლის გეგმის ზრდა იწვევს. ნამატ შემოსავალს და გარკვეული პროგრამებიდან დანაზოგებს მთავრობა შემდეგი უწყებების დასაფინანსებლად მიმართავს:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 106 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება: ბიზნეს-სახლის მშენებლობა, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა და მთის კურორტების ინფრასტრუქტურა (ბაკურიანი); ამასთან, აღნიშნულ პროექტებზე, ასევე სამინისტროს შენობის მშენებლობაზე მიიმართება ანაკლიის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვის პროგრამაში წარმოქმნილი ეკონომომია;

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 65 მლნ ლარით, მათ შორის: სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35 მლნ ლარი, აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 30 მლნ ლარით, მათ შორის: წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის დამატებით გათვალისწინებულია 16 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების პროექტის თანადაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 9 მლნ ლარი; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 10 მლნ ლარით, რაც გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსებისთვის.

ენერგეტიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 65 მლნ ლარით, მათ შორის: გაზიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი; 2018 წელს დონორების მიერ დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 15 მლნ ლარი და აღნიშნული თანხა შემცირდება 2018 წლის ბიუჯეტში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 15 მლნ ლარით, რაც მოხმარდება დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება იზრდება 24 მლნ ლარით.