რომელი ქვეყნები და ქალაქები ლიდერობენ მილიარდერთა რაოდენობით?

რომელი ქვეყნები და ქალაქები ლიდერობენ მილიარდერთა რაოდენობით?

ჰურუნის კვლევითი ინსტიტუტის გლობალური სიმდიდრის ანგარიშით, მუმბაიმ, უმდიდრესი ადამიანების რაოდენობით პეკინს გადაასწრო და აზიის „მილიარდერთა დედაქალაქის“ სტატუსიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი აზიის სიის სათავეში პირველად აღმოჩნდა.

2024 წლის ანგარიშით, გლობალურად ყველაზე მეტი მილიარდერი ნიუ-იორკსა (119) და ლონდონში (97) ცხოვრობს. რაც შეეხება უშუალოდ აზიას, ინდოეთის ფინანსურ ცენტრში მილიარდერთა რიცხვი 92-ს აღწევს, პეკინში 91-ს, ხოლო შანხაიში 87-ს.

ამჟამად მსოფლიოში 3,279 მილიარდერია – 5%-ით მეტი, 2023 წელთან შედარებით. ქვეყნების რეიტინგის მიხედვით, სიაში კვლავ ჩინეთი ლიდერობს – 814 მილიარდერით, მიუხედავად იმისა, რომ მან, მხოლოდ გასულ წელს, 115 მილიარდერი დაკარგა. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები – 800 მილიარდერით, ხოლო მესამეზე ინდოეთი – 271-ით. აშშ-ს, ჰურუნის კვლევის მიხედვით, 2023 წელს 109 მილიარდერი შეემატა, ძირითადად ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით.

ჰურუნის წლევანდელ ანგარიშში მოხვდა ტეილორ სვიფტიც, რომლის ქონებაც კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, Eras-ის ტურის შემდეგ 1.2 მილიარდს გაუტოლდა. Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამჟამად ფრანგი ბრენარ არნოა – $226 მილიარდით, მეორე ადგილზეა ჯეფ ბეზოსი – $197.8 მილიარდით, ხოლო მესამეზე ილონ მასკი, რომლის ქონებაც, ბოლო მონაცემებით, $197.6 მილიარდს უტოლდება, თუმცა რეიტინგში პოზიციები, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ხშირად იცვლება.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, უკანასკნელ ერთ წელიწადში, მილიარდერთა რაოდენობის ზრდის მაჩვენებლით – 84 ახალი მილიარდერი – ინდოეთია. აზიური ქვეყანა მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაცაა, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში მშპ-ის 8.4%-იანი ზრდის შემდეგ.

დეკემბერში ჰონგ-კონგის გადასწრების შემდეგ, ინდოეთის $4-ტრილიონად შეფასებული საფონდო ბირჟა მსოფლიოში სიდიდით ახლა უკვე მეშვიდეა. ინდოეთის უმდიდრესი ადამიანები Reliance Industries-ის თავმჯდომარე მუკეშ ამბანი ($117 მილიარდი) და Adani Group-ის თავმჯდომარე გუატამ ადანი ($81 მილიარდი) არიან.

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს:

  1. ნიუ-იორკი – 119
  2. ლონდონი – 97
  3. მუმბაი – 92
  4. პეკინი – 91
  5. შანხაი – 87
  6. შენჭენი – 84
  7. ჰონგ-კონგი – 65
  8. მოსკოვი – 59
  9. ნიუ-დელი – 57
  10. სან-ფრანცისკო – 52

ქვეყნები ყველაზე მეტი მილიარდერით:

  1. ჩინეთი – 814
  2. აშშ – 800
  3. ინდოეთი – 271
  4. გაერთიანებული სამეფო – 146
  5. გერმანია – 140
  6. შვეიცარია – 106
  7. რუსეთი – 76
  8. იტალია – 69
  9. საფრანგეთი – 68
  10. ბრაზილია – 64