რუბიოს ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებისთვის კონგრესიდან სია გაეგზავნა - „რადიო თავისუფლება“

რუბიოს ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებისთვის კონგრესიდან სია გაეგზავნა - „რადიო თავისუფლება“

„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაეგზავნა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამავდროულად, წარადგენს პირთა სიას, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან, რომელთაც სანქციების დაწესება ემუქრებათ. 

“ივანიშვილის “მაცოცხლებელთა” ქსელი” – ასე ეწოდება „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით 25 პირისგან შემდგარ სიას, რომელიც 2025 წლის 9 იანვარს მარკო რუბიოს გაეგზავნა. სიაში შემავალ პირებს შორის არიან ქართველი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, რომლებიც წერილში მოხსენიებულნი არიან როგორც “ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ”. 

გამოცემის ცნობითვე, წერილი შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პროევროპულ დემონსტრაციებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის ფაქტებს. გარდა ამისა, კონგრესიდან გაგზავნილი წერილი რუბიოს “ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის შესახებაც” ატყობინებს. 

„რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, რუბიოსადმი კონგრესის მიერ გაგზავნილი სიის წევრებს შორის არიან:

„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:

  • ეკატერინა ხვედელიძე – ბიძინა ივანიშვილის ცოლი;
  • ალეკო ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ძმა;
  • უჩა მამაცაშვილი – ივანიშვილის დეიდაშვილი;
  • შმაგი კობახიძე – ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:

  • ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი;
  • კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
  • თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის მეთაური;
  • გრიგოლ ლილუაშვილი – სუსის უფროსი;
  • ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ;
  • კახა კალაძე – თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი;
  • ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“;
  • ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“;
  • ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.

„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:

  • ირაკლი რუხაძე – „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე);
  • სოსო ფხაკაძე – „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი;
  • ხვიჩა მაქაცარია – „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
  • ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
  • ვანო ჩხარტიშვილი – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი;
  • სულხან პაპაშვილი;
  • გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს;
  • ილია წულაია – „არქის“ დამფუძნებელი;
  • ნოშრევან ნამორაძე – „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი;
  • ვიქტორ ჯაფარიძე – „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი.

მოსამართლეები:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • ლევან მურუსიძე.