Reuters-ის მიერ ევროპულ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ჩინეთში დრონების საიდუმლო პროგრამას ავითარებს და შორ მანძილზე მოქმედი თავდასხმითი აპარატების წარმოებას გეგმავს.
მედიასააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, რუსული სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომპანია Almaz-Antey-ის შვილობილმა IEMZ Kupol-მა ჩინეთში უკვე შექმნა და დატესტა ახალი ტიპის დრონი Garpiya-3 (G3). ახალი პროგრამის განვითარებაში კი რუს კოლეგებს ჩინელი სპეციალისტები ეხმარებიან.
დოკუმენტი IEMZ Kupol-ის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ პატაკს წარმოადგენს, სადაც რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპანია იტყობინება, რომ G3-ის მასობრივი წარმოება ჩინეთში მდებარე ქარხანაში წარმატებით მიმდინარეობს და დრონი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ გამოსაყენებლად მზადაა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს Almaz-Antey, Kupol-ი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკეთებენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აღნიშნავს, რომ ისინი მსგავსი პროექტის შესახებ საქმის კურსში არ არიან. საგარეო უწყება დამატებით განმარტავს, რომ პეკინი მკაცრად აკონტროლებს და შეზღუდვებს აწესებს ქვეყნიდან დრონებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტზე.
სამხედრო ექსპერტები და უსაფრთხოების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩინეთიდან დრონების ექსპორტის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ეს ომის მიმდინარეობის თვისებრივად ახალი ეტაპი იქნება, რამაც შესაძლოა კონფლიქტში დიდი გარდატეხა შეიტანოს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, აშშ აღნიშნულ საქმეს შეისწავლის და შესაბამისი რეაგირება ექნება, რადგან ჩინური კომპანია პოტენციურად შესაძლოა სანქცირებულ რუსულ ფირმას ეხმარებოდეს.