რუსეთი სომხეთის ეკონომიკაში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

რუსეთი სომხეთის ეკონომიკაში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

რუსეთი უახლოეს მომავალში სომხეთის ეკონომიკაში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, ერევანში გამართულ სომხურ-რუსულ ინტეგრირებულ ფორუმზე, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩმა განუცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლვაჩმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის აღდგენაზეც ისაუბრა და გასული წლის 4%-იანი ვარდნის შემდგომ, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის 17%-იან ზრდას გაუსვა ხაზი. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთისთვის გამიზნული ინვესტიცია ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს გააუმჯობესებს. სომხეთის უცხოური ინვესტიციების 40% ამჟამად რუსეთზე მოდის.

სომხური მედიაპლატფორმა CivilNet-ის ინფორმაციით, რუსული ინვესტიცია სომხეთში მაღალტექნოლოგიური სამუშაოების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. გარდა ამისა, დისკუსიის დროს რამდენიმე შესაძლო პროექტს შორის სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაც დასახელდა. ასევე საუბარი მიმდინარეობს სომხეთის ჩრდილო-სამხრეთის მაგისტრალისა და ერევნის ახალი მეტროსადგურის მშენებლობაში რუსული კომპანიების ჩართულობაზე.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის დელეგაცია, ქვეყნის ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით რუსეთში ვიზიტს გეგმავს. სამმხრივი შეხვედრა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების მონაწილეობით რეგიონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განბლოკვას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ პირველი სამმხრივი შეხვედრა 2021 წლის იანვარში ჩატარდა, თუმცა მხარეებს შორის ამ პერიოდის განმავლობაში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.