რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მეზობელ ქვეყნებში ომის დაწყების შემდეგ პირველად შემცირდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მეზობელ ქვეყნებში ომის დაწყების შემდეგ პირველად შემცირდა

2023 წლის მაისში, რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გადარიცხვების მთლიანი მოცულობა წლიური თვალსაზრისით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, პირველად შემცირდა.

2023 წლის მაისში რუსეთიდან საქართველოში, ყაზახეთში, სომხეთსა და ყირგიზეთში 625.9 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 33%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისთან შედარებით. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 2023 წლის აპრილთან შედარებითაც, ამ პერიოდში რუსეთიდან ოთხ მეზობელ ქვეყანაში 650.4 მილიონი დოლარი გადაირიცხა.

RBC-ის მიერ გამოკითხული რუსი ექსპერტების მოსაზრებით, არ არსებობს რუსეთში ისეთი შიდა მარეგულირებელი ფაქტორები, რომელთა გამოც ამ ოთხ ქვეყანაში გადარიცხვების მოცულობა უნდა შემცირებულიყო.

გამოცემის თანახმად,  ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება გავლენა იქონიოს იმ მოცემულობამ, რომ ზოგიერთმა რუსმა უკვე სრულად გაიტანა საკუთარი დანაზოგები ქვეყნიდან, ხოლო ზოგიერთი მათგანი, ვინც ადრე ქვეყანა დატოვა, უკან დაბრუნდა.