რუსეთმა უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა

უკრაინული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა ქვეყანაზე იერიშის დროს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოიყენა. აღნიშნული ტიპის ბალისტიკური რაკეტა, როგორც წესი, შორ მანძილზე ბირთვული ქობინის გადასატანად გამოიყენება. რუსეთის მხრიდან სწორედ ამ რაკეტის გამოყენება, შესაძლოა, უკრაინის მისამართით გამაფრთხილებელი შეტყობინება იყოს.

შეგახსენებთ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე დღის წინ უკრაინას საკუთარი წარმოების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. უკრაინამ კი, როგორც ამერიკული (ATACAMS), ისე ბრიტანული (Storm Shadow) რაკეტებით, რუსეთის ტერიტორიაზე პირველი დარტყმები უკვე განახორციელა. უკრაინის მოქმედებებს მალევე მოჰყვა განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ომის ესკალაციასთან დაკავშირებით. მეტიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განახლებული ბირთვული დოქტრინაც გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას ისეთი არაბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგაც აძლევს, რომელსაც ბირთვული სახელმწიფო ეხმარება.

შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ბირთვული ქობინის გადატანის შესაძლებლობის მქონე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება, დიდი ალბათობით, სწორედ გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლი აღნიშნულ რაკეტას შესაბამისი ქობინებით აღჭურავს. ამის განსახორციელებლად კრემლმა სამართლებრივი საფუძველი ბირთვული დოქტრინის ცვლილების კუთხითაც მოიმზადა.

უკრაინულ მხარეს დამატებითი დეტალები რაკეტისა და ქობინის ტიპის შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის ქალაქის, დნიპროს საწარმოო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.