ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, აშშ ევროკავშირს უფრო მეტ თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის.
„უსაფრთხო სუფთა ენერგომომავლის უზრუნველსაყოფად, დღეს ჩვენ თამაშის ერთობლივ წესებზე შევთანხმდით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი განმარტებით, ამ ინიციატივას ორი მთავარი მიზანი აქვს: ერთი, რუსეთის გაზზე დამოკიდებულების რაც შეიძლება სწრაფად შესამცირებლად ევროპის დახმარებაა, მეორე კი – ზოგადად ევროპის მიერ გაზზე მოთხოვნის შემცირება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ევროკავშირს წელს დამატებით მინიმუმ 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის. ევროკავშირი მიმდინარე წელს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას 2/3-ით აპირებს. რუსეთიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე კი ევროპა საბოლოოდ უარს 2027 წლისთვის იტყვის. ამჟამად ევროპის ბუნებრივი აირის მოთხოვნის 40%-ს სწორედ რუსეთი უზრუნველყოფს.
თუმცა, სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, აშშ-ს მიერ გამოთქმული ინიციატივა რუსული გაზის მთლიანად ჩასანაცვლებლად საკმარისი არ იქნება და ევროკავშირს სხვა გზების მოძიებაც მოუწევს. ცნობისათვის, 2021 წელს ევროპაში რუსული გაზის იმპორტმა 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.