მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო დასავლურმა სამყარომ რუსეთის ფედერაციას და მის ცაკლეულ მოქალაქეებს ფინანსური და პოლიტიკური სანქციები დაუწესა, რუსული რუბლის ღირებულება შეირყა, რითაც, რასაკვირველია, რუსი მილიარდერებიც დაზარალდნენ.
Forbes-ის სამყაროს უმდიდრესი ადამიანების 2022 წლის რეიტინგში 83 რუსი მილიარდერი მოხვდა – მათი ქონების ჯამური მოცულობა $320 მილიარდს შეადგენს, რაც $263 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს. რუსმა მილიარდერებმა, საშუალოდ, მათი ქონების 27% დაკარგეს, რაც თითო მილიარდერზე, საშუალოდ $2 მილიარდს უდრის, მაგრამ ამ ჩამონათვალში აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც $10 მილიარდზე მეტი დაკარგეს.
გასულ წელს, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიიდან 35 რუსი მილიარდერი ამოვარდა – მათ შორის არიან ბანკირი ოლეგ ტინკოვი და ტექნოლოგიური მაგნატი არკადი ვოლოჟი. ამასთანავე, მილიარდერთა სიას ორი ახალწვეული ჰყავს: ელექტრომობილების სტარტაპის, Arrival-ის დამფუძნებელი დენის სვერდლოვი და Pharmastandard-ის ერთ-ერთი პარტნიორი, ეგორ კულკოვი.
Forbes Georgia წარმოგიდგენთ იმ რუსი მილიარდერების ჩამონათვალს, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა დაკარგეს.
ვლადიმირ ლისინი
ქონება 2022 წელს: $18.4 მილიარდი (შემცირდა $7.8 მილიარდით)
ვლადიმირ ლისინი რუსეთის უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც გასულ წელს $7.8 მილიარდი, ანუ მისი ქონების 30% დაკარგა – ლისინი რუსული ფოლადის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელს, NLMK Group-ს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ლისინი ერთ-ერთი პირველი რუსი მილიარდერი გახლდათ, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი გააკრიტიკა და დასძინა, რომ უკრაინაში დაკარგული თითოეული სიცოცხლე დიდი ტრაგედიაა, რომლის გამართლება შეუძლებელია. ცნობისთვის, ბევრი სხვა რუსი ოლიგარქისგან განსხვავებით, ვლადიმირ ლისინისთვის დასავლეთს პერსონალური სანქციები არ დაუწესებია.
რომან აბრამოვიჩი
ქონება 2022 წელს: $6.9 მილიარდი (შემცირდა $7.6 მილიარდით)
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერია მსოფლიოში – საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გარდა, ის წილებს რუსული სამთომოპოვებითი ინდუსტრიის ორ წამყვან კომპანიაში, „ევრაზსა“ და „ნორნიკელში“ ფლობს. რუსეთ-უკრაინის ომის, სანქციებისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, გასულ წელს აბრამოვიჩმა $7.6 მილიარდის ქონება დაკარგა.
საინტერესოა ისიც, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომან აბრამოვიჩს ენდობა, როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა, რის გამოც, ის ორ ქვეყანას შორის გამართულ მოლაპარაკებებში არის ჩართული.
ვლადიმირ პოტანინი
ქონება 2022 წელს: $17.3 მილიარდი (შემცირდა $9.7 მილიარდით)
რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში რიგით მეორე ადგილს წიაღისეულის ბიზნესით გამდიდრებული ვლადიმირ პოტანინი იკავებს, რომელმაც გასულ წელს $9.7 მილიარდით იზარალა.
ალექსეი მორდაშოვი
ქონება 2022 წელს: $13.2 მილიარდი (შემცირდა $15.9 მილიარდით)
ერთ დროს რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა, ალექსეი მორდაშოვმა, გასულ წელს, მისი ქონების ნახევარზე მეტი მას მერე დაკარგა, რაც დასავლეთმა მას პერსონალური სანქციები დაუწესა, რუსულ პოლიტიკური ელიტასთან ახლო კავშირის გამო. მორდაშოვი საკონტროლო პაკეტს ფლობს, როგორც ფოლადის მწარმოებელ Severstal-ში, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ სააგენტოში, TUI Group-ში.
ვაგიტ ალეკპეროვი
ქონება 2022 წელს: $10.5 მილიარდი (შემცირდა $14.4 მილიარდით)
ვაგიტ ალეკპეროვმა, რომელიც რუსულ კომპანიების სიაში სიდიდით მესამე კომპანიის, „ლუკოილის“ წილს ფლობს, გასულ წელს $14.4 მილიარდით, ანუ მისი ქონების ნახევარზე მეტით იზარალა. სხვათაშორის, „ლუკოილი“ ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი აღმოჩნდა, რომელიც პრო-კრემლისტურ პოზიციას განუდგა და უკრაინაში დაწყებულ ომს ნეგატიურ ჭრილში გამოეხმაურა.
სულეიმარ კერიმოვი და ოჯახი
ქონება 2022 წელს: $4.4 მილიარდი (შემცირდა $11.4 მილიარდით)
ოქროს ბიზნესით გამდიდრებული სულეიმან კერიმოვი რუსეთის დუმის ზედა პალატის წევრია, რომელიც დასავლური სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2018 მოექცა, ფულის გათეთრების ბრალდებით – 2022 წლის 15 მარტს, კერიმოვს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა.